პოდოლიაკის თქმით, კურსკის მოვლენები დადებითად აისახება შესაძლო მოლაპარაკებებზე

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა კომენტარი გააკეთა რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინული ძალების მიერ დაწყებულ ოპერაციაზე. მისი შეფასებით, ეს დადებით გავლენას მოახდენს რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებზე.

მისივე თქმით, ყველაფერი, რასაც უკრაინა აკეთებს, წარმოადგენს სამართლიანი მშვიდობის მიღწევის მცდელობებს.

„რუსეთის ფედერაციას, სანამ შესაბამის აგრესიულ საპასუხო დარტყმებს არ მიიღებს, რეაგირება არ ექნება თქვენს ნებისმიერ წინადადებაზე. მშვიდობის მეორე სამიტის წინ, იმისთვის, რომ ის იქ მივიდეს და მეტ-ნაკლებად ადეკვატური იყოს ისე, რომ რეალობა ესმოდეს და ამპარტავნულად არ იქცეოდეს, როგორც ეს რუსეთის საგარეო პოლიტიკისთვის არის დამახასიათებელი, საჭიროა, რომ იძულების ინსტრუმენტები მუშაობდეს. აი, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ თანდათანობით იზრდება ინსტრუმენტის – „უკრაინის სამხედრო ოპერაციები საბრძოლო ზონაში“ ეფექტურობა“, – განაცხადა პოდოლიაკმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში.

მისივე თქმით, დამატებით ცოცხალი ძალის, ტექნიკისა და ამასთან, ტერიტორიული დანაკარგები რუსეთის თვალში ამ ომის ფასს გაზრდის, რაც შეცვლის იმას, თუ როგორ აღიქვამენ ისინი ამ ომს.

„დღეს, მათ აქვთ ომი, რომელიც თანდათან გადადის რუსეთის სიღრმეში. შეაშინებს ეს მათ? – კი. რეაგირებენ ისინი რაიმე სხვაზე, გარდა შიშისა? – არა“, – ამბობს პოდოლიაკი.

ინფორმაციისთვის, 6 აგვისტოს რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ უკრაინელმა დივერსანტებმა კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შეჭრა სცადეს.

7 აგვისტოს რუსმა პროპაგანდისტებმა და ე.წ. „სამხედრო კორესპონდენტებმა“ განაცხადეს, რომ უკრაინული ძალები სასაზღვრო ზონაში იმყოფებიან.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კურსკის ოლქზე შეტევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს უკრაინის მხრიდან მასშტაბური პროვოკაციაა.

კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებზე უკრაინულ მხარეს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ სურს, უკრაინული მხარისგან გაარკვიოს, თუ რა ხდება კურსკის ოლქში.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ანაკლიის პორტის პროექტს საფრთხე ხაზარაძე-ჯაფარიძის ხელში ემუქრებოდა, ახლა კი აუცილებლად განხორციელდება
შემდეგი სტატიამთავრობის დადგენილებით, კასპის სოფელ ახალქალაქს სახელი გადაერქვა და მეფისქალაქი ეწოდა