ფლანგვის დეტექტორი: პანსიონი 2012 წელს დაარსდა და დღემდე ბავშვთა მიმართ ძალადობის არაერთი შემთხვევა ფიქსირდება

პანსიონი 2012 წელს დაარსდა და დღემდე ბავშვთა მიმართ ძალადობის არაერთი შემთხვევა ფიქსირდება.
2016-21 წლებში აღძრულია 4 სისხლის სამართლის საქმე (3 ძალადობა, 1 გაუპატიურება) არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე.
სახელმწიფო აფინანსებს პანსიონს, თუმცა მასზე მონიტორინგს ვერ და არ ახორციელებს.
დღემდე, 1 წლის განმავლობაში, პანსიონში სოცმუშაკს არ უშვებდნენ და აგრეთვე, მონიტორინგის შესაძლებლობა არ ეძლეოდა სახალხო დამცველს.
პანსიონში მხოლოდ მეუფე სპირიდონისადმი კეთილგანწყობილ მედიებსა და ორგანიზაციებს უშვებდნენ – პრორუსულ “ობიექტივს”, “ალტ-ინფოს” და სხვა.
თავად მეუფე სპირიდონი ლანძღავს დასავლეთს და მრევლს მოუწოდებს, უკრაინის, ბელორუსისა და რუსეთის გაერთიანებისთვის ილოცონ.

საქართველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ქ. ნინოწმინდის წმიდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი 2012 წლის 21 ნოემბერს დაარსდა. დაარსებიდან დღემდე პანსიონის ხელმძღვანელი გოჩა აბულაძე/ეპისკოპოსი სპირიდონია.
პანსიონი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია და ის სახელმწიფოს მიერ საპარტიარქოთვის გამოყოფილი თანხებიდან ფინანსდება. სახელმწიფო ყოველწლიურად ცენტრალური ბიუჯეტიდან 25 მილიონ ლარს გადასცემს საპატრიარქოს. სწორედ ამ 25 მილიონი ლარიდან ფინანსდება აღნიშნული ბავშვთა პანსიონიც. დაარსებიდან, 2012 წლიდა დღემდე პანსიონის დასაფინანსებლად 9,745,800 ლარი დაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის გადაცემული თანხების სამართლებრივი კონტროლის მექანიზმები არ არსებობს, რადგან სხელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აუდიტის სამსახურის მანდატი არ ვრცელდება საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობაზე.
გარდა ფინანსური კონტროლის არარსებობისა, სახელმწიფო არც იმ სამართლებრივი კონტროლის მექნიზმებს იყენებს, რომელიც მას სასწავლო აღმზრდელობით დაწესებულებებში შესაბამისი კონტროლის განხორციელებას ავალდებულებს. ამის პარალელურად ყოფილი სახალხო დამცველი აღნიშნავს რომ ჯერ კიდევ 6 წლის წინ მათ ანგარიშებში საუბარი იყო ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე პანსიონი აღსაზრდელების მიმართ.
სახალხო დამცველის ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).
ამას გარდა, 2020 ივნისიდან სოციალურ მუშაკს არ აქვს პანსიონში შესვლის და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, შესაბამისად ბიუჯეტის დაფინასნებაზე მყოფი პანსიონი ფაქტობრივად უკონტროლო დაწესებულებადაა ქცეული, სადაც მხოლოდ იმ მედიებს და ორგანიზაციებს უშვებენ, რომელიც მეუფე სპირიდინოს კეთილგანწყობით სარგებლობენ და ასეთია მაგალითად მედია კავშირი ობიექტივი, პრორუსული მედია ალტ-ინფო და სხვა.
აღსანიშნავია მეუფე სპირიდონის სიძულვისი ენით გამსჭუალული ქადაგებები, სადაც ის სიძულვილით და დამამცირებლად მოიხსენიებს სექსუალურ უმცირესობებს, ლანძღავს დასავლურ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს და მრევლს მოუწოდებს რომ უკრაინის, ბელორუსისა და რუსეთის გაერთიანებისთვის ილოცონ.

წყარო: ფლანგვის დეტექტორი

banner
წინა სტატიაში“ფეისბუქმა” დონალდ ტრამპს წვდომა ორი წლით შეუჩერა
შემდეგი სტატიაკობახიძე: ილია მეორე ნინოწმინდის ბავშვთა სახლის საქმეში მთავარი ბოროტმოქმედია