ფლანგვის დეტექტორი: 2014-19 წლებში იუსტიციის საბჭოში 16.5 მილიონი შრომის ანაზღაურება გაიცა

საბჭომ 4 ახალი წევრი აირჩია და კიდევ უფრო გააძლიერა სასამართლოში არსებულ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის პოზიციები

“26 მაისს საბჭომ 4 ახალი წევრი აირჩია და კიდევ უფრო გააძლიერა სასამართლოში არსებულ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის პოზიციები.

არჩევნების ჩატარებით, საბჭომ უარყო შარლ მიშელის შეთანხმების, დიპლომატიური კორპუსისა და ამერიკის საელჩოს მოთხოვნები.

საბჭოს მიერ საქმიანობის არაეფექტურად განხორციელების მიუხედავად, 2015-2019 წლის განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება შრომის ანაზღაურება.

2019 წელს, 2015 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, შრომის ანაზღაურება 54%-ით არის გაზრდილი”, – ამის შესახებ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.

“საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელ, ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობისათვის შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოს წარმოადგენს, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტია. თუმცა საბჭოს საქმიანობის შეფასების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბჭო მისიაში აღნიშნული ამ ჩანაწერისაგან განსხვავებულად მოქმედებს და არათუ დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცებას, არამედ სასამართლოში არსებული კლანის გაძლიერებას უწყობს ხელს.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა მოსახლეობის ნდობის დეფიციტი სასამართლოსადმი. გამოკითხულთა 53% ფიქრობს რომ სასამართლო მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ არის, ხოლო 48% აზრით სასამართლო მიკერძოებულია, 43% კი იზიარებს მოსაზრებას, რომ სასამართლო მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გავლენის ქვეშ იმყოფება.

საბჭოს ქმედებებმა არაერთხელ ცხადყო სურვილი გაეძლიერებინათ სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის ძალაუფლება, რასაც არაერთი ფაქტი მოწმობს, მათ შორის აღსანიშნავია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების გასაუბრების პირველი პროცესი სწორედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოში გაიმართა, შემდგომ კი საბჭოს მიერ არჩეული კანდიდატები წარედგინა პარლამენტს ასარჩევად.

უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობდა და კრიტიკის ობიექტი იყო როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. მათ შორის თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მოუწოდებდა დეპუტატებს მხარი არ დაეჭირათ არც ერთ კანდიდატისთვის.

2020 წლის 9 იანვარს გამოქვეყნდა ეუთო-ოდირის მეორე კრიტიკული ანგარიში უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესის შესახებ, სადაც გაკრიტიკებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭო და აღნიშნულია, რომ საბჭოს “პროცესის რეგულირებისათვის საკმარისად არ უსარგებლია მინიჭებული უფლებამოსილებით უზრუნველყო ობიექტურობა, სამართლიანობა, თანმიმდევრულობა და წესრიგი”.

საკუთარი პოზიციების და გავლენიანი ჯგუფის შენარჩუნება/გაძლიერების სურვილი საბჭომ კიდევ ერთხელ, ნათლად გამოხატა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისაგან შედგემა, მათგან ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ არჩეული წევრები. 26 მაისს, საბჭომ არჩევნები დანიშნა, რის შედეგადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 ახალი, სასამართლოს გავლენიან ჯგუფთან დაახლოებული, წევრი აირჩა.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების შეჩერების თხოვნით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. ხოლო, აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, 26 მაისს დაგეგმილი მოსამართლეთა კონფერენცია ივლისამდე გადადებისაკენ და იუსტიციის საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეწყვიტისაკენ მოუწოდა”, – ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისააკაშვილი: მცხეთასთან რომ გიშენებდნენ ასეთ კაშხალს, მოგეწონებათ?
შემდეგი სტატიაჯინ შაჰინი: აშშ მხარს უჭერს უკრაინასა და საქართველოს მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევაში