ფხაკაძე – ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია

ნებისმიერი შეზღუდვა ბიზნესს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე ყოველთვის ყველაზე ძვირად ფასობს, – ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, ადამიანის სიცოცხლე ყველაზე პრიორიტეტულია და ამიტომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე უნდა მიიღოს.

ამასთან, როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, ბიზნესის წარმომადგენლები ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, საგადასახადო შეღავათები გახანგრძლივდეს.

„ზოგადად, დილემის წინაშე ვდგავართ. ყველას კარგად გვესმის, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია ბიზნესი და ნებისმიერი შეზღუდვა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს მას. ამავდროულად, ადამიანის სიცოცხლე ყოველთვის ყველაზე ძვირი ღირდა და მომავალშიც ასე იქნება, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე უნდა მიიღოს. ბიზნესს ფუფუნება არ აქვს, მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია.

ამასთან, კიდევ ერთხელ მსურს დავაფიქსირო აზრი გადასახადებთან დაკავშირებით. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვთ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ საშემოსავლო გადასახადის კუთხით პირველი რაც იყო – კონკრეტულ ინდუსტრიას ჩამოეწეროს ეს გადასახადი; მეორე – ვისაც 1 500 ლარამდე აქვს ხელფასი, მათთვის დაწესებული ექვსთვიანი შეღავათი კიდევ ექვსი თვით გაგრძელდეს. ამას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ამ შეღავათზე წამოვა“, – განაცხადა ფხაკაძემ.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: მრევლმა ტაძარში დისტანცია დაიცვას
შემდეგი სტატიაპანდემიასთან გასამკლავებლად, ევროკავშირმა საქართველოს 100 მილიონი ევრო გამოუყო