ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება ახალქალაქში – „ძალა ერთობაშია”-ს წევრები N40 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ადანაშაულებენ

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ახალქალაქის N 40 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჰასმიკ მარანგოზიანს მათი წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაში ადანაშაულებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „ძალა ერთობაშია”-ს წარმომადგენლებს, თეონა ჭალიძეს და არტურ მკოიანს ჰასმიკ მარანგოზიანმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა:

“ხელისუფლება რატომღაც ამ რეგიონს განიხილავს, რატომღაც თავის საარჩევნო ყულაბად, სადაც შეუძლია გაყალბების, ძალადობის, სპეცსამსახურების მეშვეობით თავისი საარჩევნო ყულაბა გაავსოს. ამიტომ, ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების და მიზანდასახულობის ობიექტი იქნება ახალქალაქის და ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია და სწორედ ამიტომ გავაგზავნეთ საოლქო საარჩევნო კომისიებში ისეთი პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც აქვთ საარჩევნო გამოცდილება და რომლებიც წინ აღუდგებიან იმ დაგეგმილ გაყალბების ფაქტებს, რომელსაც ხელისუფლება აპირებს ჯავახეთის რეგიონში,“ – განაცხადა ბეჟაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრების თქმით, ჰასმიკ მარანგოზიანი, გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით. როგორც თეონა ჭალიძე ამბობს, ინციდენტის შემდეგ საპატრულო პოლიციას მიმართეს, რის შემდეგაც ახალქალაქის პოლიციაში გადაიყვანეს. აქ კი ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გივი სიხარულიძე დახვდათ, რომლის მხრიდანაც ადგილი ჰქონდა კანონდარღვევის ფაქტებს.

„ძალა ერთობაშია”-ს წევრები მოითხოვენ აღნიშნულ ფაქტზე, გენერალური ინსპექციიდან და ცესკო-დან სასწრაფო რეაგირებას.

banner
წინა სტატიაში“მოუმზადებელი და არასწორი ხედვის გამოსვლა იყო” – ბოკერია
შემდეგი სტატიაშსს-მ დააკავა მძღოლი, რომელიც ახალციხეში ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა