აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა სინგაპურში, უსაფრთხოების კონფერენციაზე — „შანგრი-ლას დიალოგი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ვაშინგტონს ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების განახლებისთვის ყველა საჭირო რესურსი გააჩნია.
„საჭიროების შემთხვევაში, დარტყმების განახლების სრული შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენი მარაგები ამისთვის სრულიად საკმარისია, როგორც კონკრეტულ რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში, რადგან ჩვენ ძვირადღირებულ და მასობრივი წარმოების საბრძოლო მასალას შორის ბალანსს ვიცავთ“, — განაცხადა ჰეგსეთმა.
პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ ეტაპზე მაქსიმალურ მოთმინებას იჩენს, რათა მიაღწიოს ისეთ შეთანხმებას, რომელიც ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებას სრულად გამორიცხავს.
„დილით პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე და მას სურდა აღმენიშნა, თუ როგორ მოთმინებას იჩენს იმისთვის, რომ ნებისმიერი შეთანხმება ამერიკისთვის კარგი და შესანიშნავი იყოს. ის ამ შედეგის მიღწევას მოთმინებით ცდილობს“, — აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.















