ჩვენ არ ვართ უცხოური აგენტები. ჩვენ არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს. დავუბრუნდები იმას, რატომ ვაკეთებთ კომენტარს კონკრეტულ რაღაცებზე.
მე ვფიქრობ, რომ თითქმის ყველა ქართველმა იცის, რომ ევროკავშირი და სავარაუდოდ, განსაკუთრებით, გერმანია იყვნენ საქართველოს საუკეთესო მეგობრები და პარტნიორები უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან. ჩვენ ვიყავით თქვენი საუკეთესო მეგობარი და პარტნიორი დემოკრატიის შექმნაში, ეკონომიკის შექმნაში და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევაში. ეს არის ის სამი სურვილი, რომლითაც საქართველო გამუდმებით მოგვმართავდა და ჩვენ ვუპასუხეთ პარტნიორობით, მეგობრობით, გულუხვობითა და ეფექტურობით, რადგან საქართველოს ჰქონდა გიგანტური პროგრესი სამივე მიმართულებით.
ახლა უცაბედად, ჩვენ მტრები ვართ? ჩვენ მხარს ვუჭერთ ძალადობრივ გადატრიალებას საქართველოში? ეს უბრალოდ მართალი არ არის! გულწრფელად არ ვფიქრობ, რომ ბევრ ქართველს სჯერა ამის. დიახ, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს მოსაზრებას ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სასარგებლოდ, ჩვენ მიმართ საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებზე და იმ ორმხრივ რაღაცებზე დაფუძნებით, რასაც ჩვენ ერთად მოვაწერეთ ხელი და ასევე, ჩვენი პირადი ღირებულებებიდან გამომდინარე. მაგრამ ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები.
ნება მომეცით გითხრათ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, სადაც საინფორმაციო სივრცე გადაიქცა საშინელ სივრცედ. არსებობს უძველესი მანიპულაციური პროპაგანდისტული ხრიკი – როცა დანაშაულის დაშვება, სტანდარტულ ვარაუდად არის მიჩნეული. მაგალითად, მე ვუშვებ, რომ ევროკავშირი დამნაშავეა – ყოველთვის. ევროკავშირი არის “გლობალური ომის პარტია”, “დიფ-სთეითი”, რაღაც ბოროტება. აყენებ დაუსაბუთებელ ბრალდებას და შემდეგ მეორე მხარეს სთხოვ დაამტკიცოს, რომ უდანაშაულოა.
პროპაგანდის სპეციალისტები ამბობენ: ესროლე ჭუჭყი სხვას და რაიმე ლაქა დარჩება, არ იდარდო. აქ არ აქვს მნიშვნელობა რა არის ფაქტი. ვფიქრობ, ბევრ ქართველს შეიძლება ახსოვდეს მსგავსი ტაქტიკა სხვა დროიდანაც. პირადად მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირის ღირსების ამბავია, რომ ჩვენ არ გვმართებს არავისთვის იმის მტკიცება, რომ უდანაშაულო ვართ გამოგონილ ბრალდებებში. მგონია, რომ ქართველების უმეტესობა ევროკავშირს მეგობრულ და კარგ ადგილად განიხილავს და არ ენდობა არავითარ გამოგონილ ბრალდებას, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ძალადობრივ გადატრიალებას სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით საქართველოში,-ამბობს გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.

















