პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო

2016-2017 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დღეს, 4 მაისს, 09:00 საათზე დაიწყო.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის განმარტებით, რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ ვებ-გვერდზე – registration.emis.ge და დასრულდება 25 მაისს, 20:00 საათზე.

რეგისტრაციის სისტემაზე გადასვლა შესაძლებელი იქნება ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ბმულიდან.

მოსწავლის დასარეგისტრირებლად აუცილებელია რეგისტრაციის სისტემაში შესაბამის ველებში იქნას მითითებული ბავშვის პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მშობლის მონაცემები. ამის შემდეგ მშობელმა უნდა აირჩიოს სასურველი სკოლა და დააჭიროს რეგისტრაციის ღილაკს. რეგისტრაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში რეგისტრაციის უნიკალურ კოდს რეგისტრატორი მიიღებს როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

როგორც გიგაურმა აღნიშნა, პირველკლასელთათვის 70.500 ადგილია გამოყოფილი და ამ ეტაპზე დარჩენილია 52 ათასზე მეტი თავისუფალი ადგილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველო ვიზალიბერალიზაციას 2016 წელს მიიღებს – იოჰანეს ჰანი
შემდეგი სტატიაჩერნოვეცკი პარტიაში დასაქმების მსურველებს იწვევს