პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა მიმდინარე წელსაც ხორციელდება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია დღეს პირველკლასელთა მშობლებს, შესაბამის ბარათებს გადასცემს, რომლის მეშვეობითაც, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, სკოლაში ყოფნისას, საკვები, გემოვნების მიხედვით შეიძინონ.
აღნიშნული ბარათები პირველკლასელებს დღეს გადაეცემათ, რომლის გამოყენებაც უკვე, ხვალიდან იქნება შესაძლებელი. როგორც მერიაში განგვიმარტეს, ბარათებზე დაწესებული შეზღუდვების მიხედვით, მათი გამოყენება ონლაინ შესყიდვებისა და ბანკომატების საშუალებით შეუძლებელი იქნება. ბარათებზე შეზღუდვები, გარკვეული რისკებისთვის თავის არიდების მიზნით დაწესდა.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, “თაიმერის” შეკითხვებს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ივანე ბურდული პასუხობს:
– როგორც ცნობილია, წალენჯიხაში პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, ბარათების გაცემა დღეს დაიწყება. რამდენ ბენეფიციარს მოიცავს პროგრამა და თუ, იყო პრობლემები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?
– ჩვენ, ისევე, როგორც წინა წელს, ამ სასწავლო წელსაც დავიწყეთ ბავშვების კვებით უზრუნველყოფის პროგრამა. პირველკლასელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სპეციალური ბარათებით, სადაც დარიცხული იქნება დღეში 4 ლარი, ანუ, კვირის განმავლობაში 20 ლარიანი ლიმიტით და ცხადია, გრძელდება ამ პროგრამის განხორციელება, რადგან ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა მოსახლეობაში და ბავშვებიც კმაყოფილები არიან, რადგან მათ თავიანთი გემოვნებით შეუძლიათ იყიდონ ის, რაც სჭირდებათ. ამჯერად, რაოდენობა თითქმის იგივეა და 265 პირველკლასელ მოსწავლეს შეადგენს, რომლებსაც დღეს გადაეცემათ ეს ბარათები, ხოლო სარგებლობა უკვე ხვალიდან იქნება შესაძლებელი. აქვე, უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩვენ, მესამედ მივმართეთ მთავრობას, რომ მეორეკლასელთა კვების უზრუნველყოფის პროგრამა დაფინანსებულიყო, რომელიც დაახლოებით 200 ათას ლარს შეადგენდა და ჩვენ, ამ თანხით შევძლებდით 280-მდე მეორეკლასელთა კვებაც უზრუნველგვეყო, თუმცა, სამწუხაროდ, მთავრობამ ჩვენი თხოვნა რეაგირების გარეშე დატოვა, რაც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უდგება სახელმწიფო მოსწავლეთა კვების საკითხს. აქვე, აღვნიშნავ, რომ ერთი სტრუქტურის (სუსის) დაფინანსება ხელიაუფლებას 130 მლნ ლარი უჯდება და ეს თანხა ყოველ წელს იზრდება. ეს, ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ალაგებს პრიორიტეტებს მთავრობა: სუსი და კონკურენტების პოლიტიკური დევნა, თუ ბავშვები და მათი კვება.
– მით უფრო, როცა დასკვნა დაიდო, თუ რამდენად რთულია მდგომარეობა და როგორ შიმშილობენ ბავშვები…
– რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა ბავშვების 35% შიმშილობს და ჩვენ, ამ ტემპით, ბუნებრივია, ვერ გვეყოლება განათლებული თაობა. შეუძლებელია, მოშიმშილე ბავშვმა, რაიმე სახის ინფორმაცია მიიღოს და დაიმახსოვროს.
– რაც შეეხება, ტექნიკურ საკითხებს: რა შეზღუდვები დაწესდა ბარათთან დაკავშირებით?
– ჩვენ, სასწავლო წლის დაწყებიდან (პრაქტიკულად) ერთ კვირაში შევძელით ის, რომ ბარათები დაგვემზადებინა, რასაც მრავალი ტექნიკური პრობლემა ახლდა თან: საჭიროა ბავშვების და მშობლების მონაცემები, ცნობა სკოლიდან და ა.შ. თუმცა, ჩვენ ბარათების დამზადების ეტაპი “თი ბი სი” ბანკთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში განვახორციელეთ. რაც შეეხება, შეზღუდვებს: ბავშვი ვერ გამოიყენებს ბარათს ონლაინ გადახდებისას და ვერ გამოიტანს თანხას ბანკომატიდან, შესაბამისად, კაზინოებისთვის და ონლაინ გადახდებისთვისაც, აღნიშნული ბარათები დაბლოკილი იქნება. “თი ბი სი” ბანკმა სპეციალურად ჩვენთვის შექმნა ეს პროდუქტი, რისთვისაც მადლობა მათ.
– როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბანკმა სპეციალურად გამოყო თანამშრომელი, სისტემური შეფერხების შემთხვევისთვის…
– რა თქმა უნდა. ნებისმიერი შეფერხების შემთხვევა, ოპერატიულად იქნება აღმოფხვრილი. ჩვენ, ასევე მშობლებს ვაწვდით ინფორმაციას ბანკის იმ თანამშრომლის შესახებ, რომელიც ყველა ტექნიკურ პრობლემას მოუგვარებს მათ და ბანკის თანამშრომელი იქნება პასუხისმგებელი თითოეულ მშობელთან, ბავშვთან, თუკი, რაიმე სახის ხარვეზი ექნებათ მათ ბარათებს.
– საერთო ჯამში, რა თანხაზეა საუბარი, კონკრეტულად რამდენი ათასი ლარი დასჭირდა ამ პროგრამის განხორციელებას?
– ეს თანხა, მთლიანად ჩვენ გავითვალისწინეთ 2023 წლის ბიუჯეტის შედგენისას, შესაბამისად, თანხა, რაც ბიუჯეტშია გათვალისწინებული ახლაც ბუნებრივია იგივეა: 300 ბენეფიციარზე ჯამური ღირებულება იყო 220 ათასი ლარი, შესაბამისად, რადგან ამჯერად, 265 პირველკლასელზეა საუბარი, მცირე ეკონომია გვექნება აღნიშნულ თანხაში.
შეგახსენებთ, რომ ჩატარებული კვლევების თანახმად, სკოლის მოსწავლეთა 35% არასდროს იკვებება (ფაქტობრივად შიმშილობს) სკოლაში, დანარჩენ 65%-ს კი, ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა ურჩევნია, რაც ბარათზე, პირველკლასელთა კვებისთვის დარიცხული თანხით, პირველადი გამოყენების პროდუქტების შეძენას მოიცავს.
ავტორი:მზეკო ჟვანია