პირველი ვიზიტი ბრიუსელში – ზურაბიშვილი ქართველ სტუდენტებს და დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

ბელგიის სამეფოში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში დიასპორების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა და გააჟღერა ინიციატივა პარლამენტში დიასპორის წარმომადგენლის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით.

22-23 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტი მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

დაგეგმილ მაღალი რანგის შეხვედრებამდე, პრეზიდენტი ქართველ სტუდენტებსაც შეხვდა, სადაც სტუდენტები საქართველოს საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ხედვით დაინტერესდნენ და სალომე ზურაბიშვილს იმ პრობლემების შესახებ ესაუბრნენ, რომლებიც მათ ბელგიაში სწავლისა და ცხოვრებისას ექმნებათ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ქეთევან მახარაშვილის განცხადებით, შეხვედრა საინტერესოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ბელგიაში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, რომლებსაც საქართველოსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ, საქართველოს პრეზიდენტს სხვადასხვა საკითხებზე საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

როგორც სტუდენტებმა აღნიშნეს, მათთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, როგორ ხედავს საქართველოს პრეზიდენტი ახალგაზრდობის როლსა და მისიას ქვეყნის ფარგლებს გარეთ – საქართველოს პოპულარიზაციის მიმართულებით და ასევე, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ქვეყნის განვითარების საქმეში.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიასაქართველო „საშინელი განათლების სისტემის“ მქონე 25 ქვეყანას შორის – გაერთიანებული ოპოზიცია განათლების სამინისტროს „ახალი თაობის რეფორმების პაკეტს“ სთავაზობს