პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს – ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და საბჭოს აპარატის ლიკვიდაციას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით – 85 ხმით, ერთხმად მიიღეს.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა განმარტა, ქვეყნის სრულად საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლით მთავრობის აღმასრულებელი ფუნქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბაჩიაშვილის თქმით, მთავრობის საქმიანობის განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ საბჭოს ცალკე ორგანოდ ფუნქციონირება, მით უფრო, რომ იგი კონსტიტუციურ ორგანოს აღარ წარმოადგენს, აზრს მოკლებულია.