პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება პარლამენტში საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა

საქართველოს პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება პარლამენტში საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.

დამსწრეებს სიტვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, ამ წუთებში კი სიტვით გამოდის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის შთამომავალი, 10 წლის ექვთიმე თაყაიშვილი, „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს“ გახსნიან.

პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომას, რომელიც პლენარულ სხდომათა დარბაზში გაიმართება, სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ლევან იოსელიანის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლაც.

„საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დააჯილდოვებენ. კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის ფულად ჯილდოს, ირაკლი კობახიძე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს გადაურიცხავს. საკანონმდებლო ორგანოში არანაკლებ 25-წლიანი წარმატებული სამსახურისთვის, პარლამენტის აპარატის 13 თანამშრომელს სამკერდე ნიშნით დააჯილდოვებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისა და უზენაესი საბჭოების თავმჯდომარეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები, თბილისის მერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საპატრიარქოსა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, ასევე, ექვთიმე თაყაიშვილის შთამომავლები დაესწრებიან.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი – 1921 წლის კონსტიტუცია დასტურია, რომ ადამიანის უფლებები საქართველოსთვის თავს მოხვეული, უცხო და „გარე სტანდარტი“ არ არის
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი – ჩვენ მოლაპარაკების კარი არასდროს დაგვიხურავს