პირველი ივლისიდან, თბილისში მეტროს სამუშაო დრო მცირდება

პირველი ივლისიდან, თბილისის მეტროპოლიტენი 06:00 საათიდან 23:00 საათამდე იმუშავებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

სამუშაო დროის 1 საათით შემცირების მიზეზი მეტროში, ელექტროგაყვანილობის მძიმე მდგომარეობაა. კალაძის თქმით, საჭიროა კაბელების შეცვლა. მერის თქმით, საინსტალაციო სამუშაოები 2020 წლის ივლისში დამთავრდება.

„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ვაგონების რეაბილიტირებაზე, უკვე რამდენიმე შემადგნელობა რეაბილიტირებულია და ემსახურება მგზავრებს. გარდა ამისა, გვაქვს მძიმე მდგომარეობა ელექტროგაყვანილობის თვალსაზრისით და აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით გამოყოფილია 15 მილიონი დოლარი, რომელიც მოხმარდება ზუსტად ძალოვანი კაბელების ჩანაცვლებას და მთლიან რეაბილიტაციას. რაც მეტრო გაიხსნა, მას შემდეგ ამ ტიპის სამუშაოები არ წარმოებულა. შესაბამისად, ჩვენ ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას, დაახლოებით 450 კმ ძალოვანი კაბელი იქნება მთლიანად შეცვლილი თანამედროვე „აისო“ სტანდარტის კაბელებით. ამ პროექტის ფარგლებში მოხდება 28 საგვირაბე დამნიავებლისა და 32 ახალი ევროპული სტანდარტის ვენტილატორების მონტაჟი

პროექტის განხორციელების დროს მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება, რადგან კომპანიას და იქ მომუშავე ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ნორმალურ პირობებში იმუშაონ. შესაბამისად, მეტრო ჩვეულებრივად 06:00 საათიდან დაიწყებს მუშაობას, უბრალოდ ერთი საათით ადრე დაამთავრებს მუშაობას, 23:00 საათზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმირეკავენ დაშიფრული ნომრიდან არის მუქარის ტონის ზარები – მაჩალიკაშვილი
შემდეგი სტატიაოქტომბრიდან თბილისს ხუთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება