პირველადი ჯანდაცვა და საოჯახო ცენტრები 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადიან

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, მომატებული ვირუსების გამო, პირველადი ჯანდაცვა 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადის.

როგორც სერგეენკომ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, გრიპის ეპიდემიის არანაირი საშიშროება არ არსებობს, შესაბამისად, არ არსებობს მოსახლეობაში პანიკის და თუნდაც გარკვეული დაძაბულობის საფუძველი.

როგორც მინისტრმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა ის, რომ სასწრაფო დახმარების მუშაობის განმუხტვა მომხდარიყო, რადგანაც, მისი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში, გაზრდილია გამოძახებები და ასევე, დაფიქსირდა რამდენიმე ათეული შეუსრულებელი გამოძახება.

დავით სერგეენკოს თქმით, დღეს პირველადი ჯანდაცვის 2 ცენტრი გაიხსნება: „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“ წინამძღვრიშვილის 57 ნომერში და ქიაჩელის 18 ნომერში კლინიკა „მედსი“, სადაც ოჯახის ექიმები როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილებს მოემსახურებიან.

მინისტრმა აქვე აღნიშნა, რომ ეს ცენტრები დღეს 24-საათიანი მიღების რეჟიმში იმუშავებენ და სავარაუდოდ გამოძახებებზეც გავლენ.

„აღნიშნულ ცენტრებში მუდმივად იქნება ოჯახის ექიმი, რომელიც შეძლებს როგორც ბავშვების, ასევე მოზრდილების მიღება-კონსულტირებას და ყველა ამ სიტუაციისთვის, ცხელებისთვის საჭირო გამოკვლევების ადგილზე ჩატარებას. დღეს ასევე მოხდება 112-ის სადისპეჩეროს ახალი პროტოკოლის დანერგვა, ხოლო ხვალ უკვე 112 ასეთ გამოძახებას გადაამისამართებს არა თბილისის სასწრაფოში, არამედ სხვა სადისპეჩეროებში, რომ საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმების გაგზავნა მოხდეს ბინაში. ცენტრებს დღესვე დაემატება თბილისის სასწრაფო დახმარების 5 მანქანა, რომლითაც მანამდე მენეჯერები სარგებლობდნენ. ხვალ ასევე მინიმუმ რესპუბლიკური საავადმყოფოს ამბოლატორიული ნაწილი 24 საათიან მუშაობას დაიწყებს“, – აღნიშნა სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: გრიპის ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს
შემდეგი სტატია“დღეს რომ ბესო ხარძიანი მიწაში წევს უდესიანის და ქურასბედიანის დამსახურებაა”