,,პირველად არ გვესმის, რომ სააკაშვილი ჩანაწერებს აკეთებდა ყველაზე, ვინც მისთვის მიუღებელი იყო”

ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა

პირველად არ გვესმის, რომ სააკაშვილი ჩანაწერებს აკეთებდა ყველაზე, ვინც იყო აქტიური და მისთვის მიუღებელი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს იმ ინფორმაციაზე კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც მთავარმა პროკურატურამ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ბესელიას თქმით, ამ საქმის კონკრეტულ გარემოებებს არ იცნობს, თუმცა საქმეებთან მიმართებაში, რომლებიც არ ექვემდებარება საჯარო გახმაურებას, არსებობს კანონით გათვალისწინებული წესები, რომლებიც ყველამ უნდა დაიცვას.

“18 000-ზე მეტი ფაილია, რომელზეც ათასობით უკანონო ჩანაწერი არსებობს. დიდი ნაწილი, რაც დარჩენილი იყო, განადგურებულია, მაგრამ თავიდანვე გამოითქვა ვარაუდი, რომ ძალიან ბევრი მასალა ყოფილი თანამშრომლების მხრიდან გატანილია. შესაბამისად, ყველა ეს ქმედება არის დასჯადი. ის რომ სააკაშვილი ასეთი ტიპის ჩანაწერებს აკეთებდა ყველაზე, ვინც იყო აქტიური და მისთვის მიუღებელი, მე მგონი პირველად არ გვესმის”, – განაცხადა ბესელიამ.

მთავარმა პროკურატურამ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ განუცხადა.

მისი თქმით, რეაგირება იქნება უმკაცრესი, “რადგან ეს არის ამაზრზენი დანაშაული”.

“პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. რა ეტაპზეა, ამაზე არ მაქვს ინფორმაცია. რეაგირება იქნება უმკაცრესი, რადგან ეს არის ამაზრზენი და ამორალური დანაშაული. ისტორიამაც აჩვენა, რომ ჩვენ ამ დანაშაულის მიმართ ვიქნებით უმკაცრესი”, – განაცხადა გიორგი გოგაძემ.

მედიაში გავრცელებული ინფრომაციით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოქალაქე გელა ღურწკაია დააკავა. ღურწკაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19-ე და 157-ე მუხლებით წაუყენეს, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება-გავრცელებას გულისხმობს. კერძოდ, ღურწკაია მედიით ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას ცდილობდა.

banner
წინა სტატიაშისასწრაფოდ: ავიადარტყმები სირიის საავადმყოფოებზე
შემდეგი სტატია“არ გამართლდა არაკეთილმოსურნეთა შეფასებები, რომ სახელმწიფო რელიგიებზე კონტროლს ცდილობს”