პირს, რომელის ბინაშიც მიხიელ სააკაშვილი 30 სექტემბერიდან იმყოფებოდა, პროკურატურამ ბრალი წარუგდინა

პროკურატურამ, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით, ე.ც.-ს ბრალდება წარუდგინა. განცხადებაში უწყება წერს, რომ 2021 წლის 30 სექტემბერს სააკაშვილს “დასამალად და დროებით საცხოვრებლად” თბილისში ბინა გადასცა.

“თავისი აქტიური მოქმედებით, 2021 წლის 30 სექტემბერს მას დასამალად და დროებით საცხოვრებლად გადასცა თავის მფლობელობაში არსებული თბილისში მდებარე ბინა. 2021 წლის 1 ოქტომბერს, აღნიშნულ ბინაში ჩატარებული იქნა ჩხრეკა, სადაც აღმოჩნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 25, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი”, – წერია უწყების განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

banner
წინა სტატიაშიმიხაელ გალერი სააკაშვილის დაკავებაზე: ჩვენ ვერ შევაფასებთ, საბოლოო ჯამში, ექნება თუ არ ამ პროცესს არჩევნებზე რაიმე გავლენა
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი ეუთო/ოდირის დასკვნის შეფასებისას: სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს თვითმმართველობის საარჩევნო კამპანია რეფერენდუმის სივრცეში გადაჰყავდათ