პირს, რომელიც TV პირველის ჟურნალისტს მანქანით განზრახ დაეჯახა, ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, რ.ა.-ს რომელიც 7 სექტემბერს TV პირველის ჟურნალისტს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ავტომანქანით განზრახ დაეჯახა, ბრალი წარედგინა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 7 სექტემბერს, თბილისში, სოფელ ფონიჭალაში, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ ნარკორეალიზატორების დაკავებასთან დაკავშირებული სპეცოპერაციისას ერთ-ერთი დაკავებულის ნათესავი, რ.ა. აგრესიულად იყო განწყობილი და უკმაყოფილებას გამოთქვამდა ჟურნალისტების მიმართ სპეცოპერაციის გაშუქებისა და ინფორმაციის გავრცელების გამო, რა დროსაც მათ ძალადობის მუქარით მოსთხოვა, შეეჩერებინათ გადაღება. ვინაიდან ჟურნალისტებმა მათი პროფესიული საქმიანობა გააგრძელეს, რ.ა. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, ავტომანქანით განზრახ დაეჯახა ტელეკომპანია პირველის ოპერატორ ლ.ბ.-ს ფეხის არეში და დაუზიანა ვიდეოკამერის შტატივი.

რ.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა) და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში„გალტ ენდ თაგარტი“ კაპიტალის ბაზრების მხარდაჭერის პროგრამაში ერთვება
შემდეგი სტატია“NDI-ის შეხვედრებზე რამდენიმე გამოწვევა გამოიკვეთა, რომელთა დიდი ნაწილი წინა არჩევნებისა და მთავრობების დროსაც არსებობდა”