ბაია გადაბაძე: პირობას გაძლევთ, ამ საქმეს საფლავში ჩავყვები

ტელეკომპანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე გაფიცვას წყვეტს და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

როგორც ბაია გადაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომლის თანახმადაც, მას პარტნიორთა ოქმის შეჩერებასთან დაკავშირებული სარჩელი არ დაუკმაყოფილდა.

„ჩვენ ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას და პირობას გაძლევთ, ამ საქმეს საფლავში ჩავყვები, მე ვწყვეტ გაფიცვას, რადგან ახლა ორმაგი ძალებით უნდა შევუდგე მუშაობას. ჩემი აქ ყოფნა, მუშაობაა საჭირო და არა გაფიცვა. ასევე, მივდივარ სასამართლოში, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივრო. ეს ყველაფერი კი შემდეგ რეესტრში უნდა ჩავაბარო“, – აღნიშნა ბაია გადაბაძემ.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატ ირაკლი კორძახიას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, რეგისტრაციის პროცესი 3 დღით შეჩერდა, რათა ბაია გადაბაძემ რეესტრს სასამართლო განჩინება წარუდგინოს.

ბაია გადაბაძეს ირაკლი კორძახიას კვალიფიკაციაში ეჭვი ეპარება.

„კორძახიამ ამ ბოლო დღეების განმავლობაში იმდენი სისულელე თქვა, რომ მის კვალიფიკაციაში უკვე ეჭვი მეპარება. ვინც ენდობა, იმან მოუსმინოს“, – აღნიშნა ბაია გადაბაძემ.

ირაკლი კორძახიას ინფორმაციით, ლევან გაჩეჩილაძე დირექტორად დარეგისტრირებამდე “მაესტროში” მისვლას არ გეგმავს.

შეგახენებთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალურ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის სარეგისტრაციო პროცედურა, ბაია გადაბაძის მოთხოვნის საფუძველზე შეაჩერა.

banner
წინა სტატიაშიაშშ–ის ეროვნული დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში-მოსკოვი ზეწოლას გაზრდის თბილისზე
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი: საჯარო რეესტრი რეგისტრაციაზე უარს ვერ იტყვის