პირებს, რომლებმაც მოქალაქეს მობილური და 180 ლარი წაართვეს, 9-7 და 6 წლით პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირები, რომლებმაც მოქალაქეს მობილური და 180 ლარი წაართვეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 14 მარტს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, რკინიგზის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები გ.ლ., დ.გ., და მათი თანამზრახველი ნ.ვ. ჯგუფურად თავს დაესხნენ ა.ო.-ს და დანის დემონსტრირებით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცეს მობილური ტელეფონი, 180 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა გ.ლ. 2019 წლის 14 მარტს, დ.გ. 15 მარტს, ხოლო ნ.ვ. 17 მარტს ქ.თბილისში დააკავეს.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ გ.ლ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ და მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად და არაერთგზის), ხოლო დ.გ.-ს და ნ.ვ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარუდგინა. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ლ., დ.გ. და ნ.ვ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად გ.ლ.-ს 9 წლით, დ.გ.-ს 7 წლით, ხოლო ნ.ვ-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისამშობიარო სახლში მშობიარე ქალი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამოქალაქეები, რომლებიც რწმენის გამო „აიდი“ ბარათების მიღებაზე უარს აცხადებენ, ე.წ. ქაღალდის პირადობის მოწმობის აღებას შეძლებენ