პირბადის ტარება სავალდებულო ამ კვირიდან გახდება, რადგან პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს დაჩქარებული წესით მიიღებს

news
ავტ.: news ივნისი 8, 2020 10:01

პირბადის ტარება სავალდებულო ამ კვირიდან გახდება, რადგან პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს დაჩქარებული წესით მიიღებს

პარლამენტი პირბადეების სავალდებულო წესით გამოყენებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებები ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება, მასზე მსჯელობა კი მიმდინარე პლენარული სხდომების კვირაში იგეგმება.

კანონპროექტით კონკრეტდება, რომ იზოლაციის ან კარანტინის წესით განსაზღვრულ დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევა ან პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 50 ლარით, ხოლო დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის − 500 ლარით.

ცვლილებებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა – გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას – 50 ლარით.

ამასთან, ინიციატივით, ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა – გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას – 50 ლარით.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, მომზადებული პროექტით კონკრეტდება და ძალაში რჩება რეგულაცია, რომლის თანახმად, იზოლაციისა და კარანტინის წესის სხვა დარღვევისთვის ფიზიკური პირი კვლავ დაჯარიმდება – 2000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 10 000 ლარით. ინიციატორები განმარტავენ, რომ აღნიშნული სხვა დარღვევები მძიმე ხასიათისაა და დაკავშირებულია საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შეზღუდვასთან, სარკინიგზო მიმოსვლასთან, საგანმანათლებლო პროცესის შეზღუდვასთან, კულტურული და სპორტული ღონისძიებების შეზღუდვასთან, სოციალური ღონისძიების ჩატარების მიზნით თავშეყრის შეზღუდვასთან (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.), ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვასთან, ეპიდემიურ კერებში საფრთხეების მართვასთან, თვითიზოლაციში და საკარანტინო სივრცეში მოქმედი წესების დარღვევასთან.

ამასთან, ინიციატორების ცნობით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ განმეორებით დაარღვევს იზოლაციისა და კარანტინის იმ წესებს, რომელიც კანონით არის განსაზღვრული და მძიმე შედეგებთან არის დაკავშირებული. საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორები უმრავლესობის წევრები ანრი ოხანაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე არიან.

news
ავტ.: news ივნისი 8, 2020 10:01

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics