პირადი ცხოვრების საიდუმლო ხელყოფა და სექსუალური ხასიათის იძულება | პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საუბარია 43 წლის კაცზე, რომელიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გუშინ, 22 მარტს დააკავა და რომელიც 200-მდე ქალის უკანონოდ მოპოვებულ 5 ათასამდე ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეომასალას ინახავდა:

“სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, 19 წლის დაზარალებულზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სთხოვდა მორჩილებას და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას.

გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათების გარდა აღმოჩენილ იქნა სხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათები და ვიდეო ჩანაწერები.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გამოყენება) და 139-ე მუხლით (სქესობრივი კავშირის იძულება) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ბრალდებულის დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად დაზარალებულთა იდენტიფიცირების მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.” ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმაზე სამართალდამცველებმა 11 ადამიანი დააკავეს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ვეთინგი ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს, თუ ვინმე არგუმენტებით დაგვისაბუთებს, რომ ეს ასე არ არის მზად ვართ, ყველა არგუმენტი განვიხილოთ