“პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაცავად სისტემური ნაბიჯები ჯერ კიდევ გადასადგმელია”

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აუცილებელია საქართველოს მართლმსაჯულების ორგანოების პრაქტიკა ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდეს.

ამასთან, როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, პოლიტპატიმრებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.

“გასული წლის განმავლობაში არაერთი პირის, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მხრიდან, გავრცელდა ინფორმაცია მათ მიმართ უკანონო თვალთვალის და პირადი ცხოვრების კადრებით ზეგავლენის მოხდენის მცდელობის შესახებ. ეს გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაცავად ჯერ კიდევ გადასადგმელია როგორც პრაქტიკული, ასევე სისტემური ნაბიჯები, რომელიც გარკვეულწილად ჩემს ვეტოში იყო წარმოდგენილი. შარშან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო წინასწარი პატიმრობის კონსტიტუციით დადგენილ ცხრათვიან ვადასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს მისასალმებელია. ამასთან ერთად აუცილებლია ჩვენი მართლმსაჯულების ორგანოების პრაქტიკა მივუახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს, რაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სწორი და ერთგვაროვანი პრაქტიკის დადგენას გულისხმობს. წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ სისტემურ დანაშაულთა შესახებ პროკურატურისთვის ჩვენ მიერ დასმულ კითხვაზე მივიღეთ პასუხი, რომ დევნა დაწყებულია 124 ადამიანის მიმართ. მაგრამ საზოგადოების მთავარ კითხვაზე პასუხი კვლავ გაუცემელია. სისტემურ დანაშაულს სისტემური პასუხი სჭირდება. მინდა ვისაუბროთ კიდევ ერთ მწვავე პრობლემაზე. 2012 წელს ჩვენ განვაცხადეთ, რომ სახელმწიფოს ჰყავდა პოლიტპატიმრები და პატიმრობიდან გავანთავისუფლეთ ეს ადამიანები. შესაბამისად, დღეს ჩვენ ვალდებული ვართ თითოეულ ასეთ ადამიანს მივცეთ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა”, – განაცხადა მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: პრეზიდენტის მხრიდან გაკეთდა ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი-დავინეხე ერთიანი და ერთნაირი მიდგომები