პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელებისთვის და სქესობრივი კავშირის იძულებისთვის ერთი პირი დააპატიმრეს

პირს, რომელმაც სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები გაავრცელა პატიმრობა მიესაჯა, განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულებისა და გამოძალვისთვის ბრალდებული ზ.ქ. დამნაშავედ ცნო.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ზ.ქ.-მ უკანონოდ მოიპოვა ს.გ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები, რომლებიც 2019 წლის იანვარში დაზარალებულის მეგობარს გადაუგზავნა. ზ.ქ. აღნიშნული მასალის გავრცელებისა და ოჯახის წევრებთან გადაგზავნის მუქარით, დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა და 300 ლარის გადაცემას მოითხოვდა.

სამართალდამცველებმა ზ.ქ. 2019 წლის 20 მაისს ქ.სიღნაღში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის იძულება), 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ე.ი. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა) წარუდგინა. ზ.ქ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ქ. წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,” – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : ჩვენი ეკონომიკის საფუძველი არის თავისუფალი ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს
შემდეგი სტატიაკახეთში უბედურ შემთხვევას 35 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა