პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე ბრალდებულები ზაალ ლატარია და კიდევ სამი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

პირადი ცხოვრების ამსახველი, ფარული ჩანაწერების გავრცელების ბრალდებით დაკავებული ოთხივე პირი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ გადაწყევტილება დაუსაბუთებელია და ამიტომ ისინი აპირებენ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყევტილება გაასაჩივრონ.

წინასწარ პატიმრობაში მყოფ ოთხივე პირს ბრალი დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ედებათ, თუმცა ადვოკატების განცხადებით, ოთხივე ბრალდებული პოლიტიკური ნიშნით იმყოფება პატიმრობაში.

„შეეშვას სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვან წევრებს, რომლებსაც არც მოუპოვებიათ ეს კადრები არც ჩაუწერიათ და არც რაიმე ინტერესი ჰქონიათ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულიყო,“ – ამბობს ადვოკატი დავით გირგვლიანი.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებული ზაალ ლატარიას ადვოკატი კი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს პროვოკაცია მოუწყვეს და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გაუგზავნეს.

„მას ეს არ მოუპოვებია დანაშაულებრივად, დაუდგენელმა პირმა, ვვარაუდობთ, რომ ეს იყო პროვოკაცია, გადმოუგზავნეს. ისჯება იმიტომ, რომ არის “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი, იმიტომ რომ უკრაინაში იბრძოდა, იმიტომ რომ რუსებს უნდოდათ როგორც ცერცვაძის სხვების პასუხისგებაში მიცემა,“- აცხადებს ლატარიას ადვოკატი ვახტანგ იაშვილი.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურატურამ დღეს წინასაგამოძიებო მოქმედებების გახანგრძლივება მოითხოვა, შესაბამისად საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში არ ჩანიშნულა.

კითხვაზე, არის თუ არა გამოკითხული ბუბა ლომთათიძე, რომელმაც თავად აღიარა, რომ კადრები პირველად მან გაავრცელა, საქმის პროკურორი გიორგი მუკბანიანი ამბობს, რომ სომხეთში მყოფი ლომთათიძის გამოკითხვაზე მიმართვა გაგზავნილია. თუმცა მუკბანიანი ვერ ასახელებს თარიღს, როცა მათ სომხეთს მიმართეს.

banner
წინა სტატიაშიმთაწმინდის ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება
შემდეგი სტატიაროგორ ახერხებთ გაუღიმოთ ოპონენტებს, განსაკუთრებით კი რომან გოცირიძე „მეკუპონეს“ – უმრავლესობის დეპუტატი თეა წულუკიანს