„ქართული ოცნების“ მმართველობის მე-14 წელს განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა სისტემურ კრახზე მიუთითებს,-ამის შესახებ „ლელო — ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.
ჩიხრაძის თქმით, განათლების სფეროში არსებული პრობლემები განსაკუთრებით თვალსაჩინო გახადა ყვარელში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომლის დროსაც სამარშრუტო ტაქსით გადაყვანილი მოსწავლეები დაშავდნენ.
„გუშინდელი ფაქტი, როდესაც ყვარელში სამარშრუტო ტაქსით გადაყვანილი მოწაფეები ავარიაში მოყვნენ და დაშავდნენ, კარგად მეტყველებს იმ მდგომარეობაზე და სავალალო ვითარებაზე, რომელიც ამ 14 წლის განმავლობაში შეიქმნა განათლების სისტემაში“,- განაცხადა ჩიხრაძემ.
მისივე თქმით, ბოლო 14 წლის განმავლობაში შვიდჯერ შეიცვალა პრემიერ-მინისტრი და რვაჯერ განათლების მინისტრი. ჩიხრაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილებების პარალელურად, განათლების სფეროში არაერთი ახალი რეფორმა და სამოქმედო გეგმა დაანონსდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ 2016 წელს გიორგი კვირიკაშვილმა განათლების რეფორმის ოთხპუნქტიანი გეგმა, 2018 წელს მამუკა ბახტაძემ ხუთპუნქტიანი გეგმა, ხოლო 2022 წელს ირაკლი ღარიბაშვილმა სკოლების რეაბილიტაციისა და მშენებლობისთვის მილიარდიანი პროექტი დააანონსეს. მისი თქმით, ბოლო პერიოდში განათლების სფეროში ახალი მასშტაბური ცვლილებები ირაკლი კობახიძისა და გიორგი მიქანაძის პირობებში დაიწყო.
ჩიხრაძე განათლების დაფინანსების საკითხზეც საუბრობს. მისი განცხადებით, 2019 წელს ხელისუფლება განათლებაზე დანახარჯების მშპ-ის 6%-მდე გაზრდას და მასწავლებლების ხელფასებისა და განათლების დაფინანსების ზრდას ჰპირდებოდა საზოგადოებას.
„2026 წლისთვის ჩვენ ვხედავთ, რომ არათუ 6%, 2.3%-იც კი არ არის ეს დაფინანსება და, პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, მწირია ამ მიმართულებით ეს დაფინანსება და ვერ პასუხობს ვერანაირ მოთხოვნებს, რომელიც ამ სისტემაშია შექმნილი“,- განაცხადა მან.
ფიქრია ჩიხრაძე ასევე აკრიტიკებს სკოლების ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას და აცხადებს, რომ ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, ქვეყანაში სკოლების რეაბილიტაციისა და მშენებლობის მიმართულებით პრობლემები კვლავ არსებობს.
მისივე თქმით, რიგ შემთხვევებში მოსწავლეებს საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებულ სკოლებში უწევთ გადაადგილება და სწავლა მეორე ან მესამე ცვლაში.
„ამჟამად საქართველოს 58 მუნიციპალიტეტში ხორციელდება ასეთი პროექტი და პრაქტიკულად, 88 150 მოწაფე სარგებლობს ასეთი მომსახურებით, ანუ საცხოვრებლიდან შორს გადაადგილდებიან და მეორე და მესამე ცვლაში სწავლობენ. ეს აბსოლუტურად სპობს ხარისხიანი განათლების მიღების პერსპექტივას“, – განაცხადა ჩიხრაძემ.
ჩიხრაძე ყურადღებას ამახვილებს ასევე მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებზე და PISA-ს კვლევებზე. მისივე განცხადებით, პრობლემურია სასკოლო კვების საკითხიც.
„UNICEF-ის კვლევის და საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს მივიღეთ ცნობა, რომ მოსწავლეების 35% შიმშილობს და დღის განმავლობაში არ იღებს არანაირ საკვებს სკოლაში. ხელისუფლებამ ვერ გამონახა 147 მილიონი ლარი იმისთვის, რომ 1-4 კლასში მაინც სასკოლო კვების უზრუნველყოფა მომხდარიყო“, -განაცხადა მან.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, განათლების სისტემაში პრობლემურია სახელმძღვანელოების ცვლილების საკითხიც. მისი შეფასებით, ახალი სახელმძღვანელოების ნაწილი „იდეოლოგიური ჭრილის შეცვლას და ისტორიის გადაწერას“ უკავშირდება.
ჩიხრაძე ასევე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, 22 737 მოსწავლემ სწავლა საქართველოში შეწყვიტა და საზღვარგარეთ წავიდა.
მისივე შეფასებით, განათლების სისტემაში პრობლემაა როგორც პოლიტიზაცია და ცენტრალიზაცია, ისე სკოლების ფუნქციონირების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.
„ნაცვლად დეპოლიტიზებისა, რომლის თაობაზეც ყოველთვის იყო ლაპარაკი, ჩვენ მივიღეთ სრულად პოლიტიზებული სისტემა, დაწყებული უმაღლესი სასწავლებლით და დამთავრებული ბაღებით. სამწუხაროდ, ნაცვლად დეცენტრალიზაციისა, მივიღეთ სუპერ ცენტრალიზებული სისტემა“, -განაცხადა ჩიხრაძემ.
ფიქრია ჩიხრაძემ განათლების სფეროში არსებული პრობლემების ჩამონათვალს „არასრული“ უწოდა და აღნიშნა, რომ გამოწვევებია როგორც უმაღლეს, ისე სასკოლო და სკოლამდელი განათლების მიმართულებით.
„ამ 14 წლის განმავლობაში უამრავი ტყუილის, უპასუხისმგებლობის, არაპროფესიონალიზმის ფონზე, შეიძლება ვთქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მომავალი გაწირა სიღარიბისთვის, უცოდინრობისთვის, სიბნელისთვის, რაც მასშტაბური ღალატის კვალიფიკაციას იძენს“, -განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.








