ფინეთი გახდება ნატო-ს ძლიერი მოკავშირე, მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ ალიანსის უსაფრთხოებაში – ფინეთის პრეზიდენტი

მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ მთელი ალიანსის უსაფრთხოებაში, ავიღოთ ერთმანეთის უსაფრთხოების გარანტიების ვალდებულება, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდელენა ანდერსონთან ​ერთად გამართულ ბრიფინზე განაცხადა.

„ჩვენ ერთად ვდგამთ ისტორიულ ნაბიჯს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისკენ სწრაფვით. ფინეთმა თავისი გადაწყვეტილება სწრაფი, თუმცა ძალიან დეტალური პროცესის შედეგად მიიღო. ამ პროცესმა კიდევ ერთხელ აჩვენა ფინეთის დემოკრატიის სიძლიერე. გადაწყვეტილება იქნა მიღებული ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერით და აბსოლუტური საპარლამენტო უმრავლესობით. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი მტკიცე მხარდაჭერისთვის ამ პროცესის განმავლობაში. მარტის დასაწყისში მე ვესტუმრე თეთრ სახლს და თქვენ გვიბიძგეთ ჩვენ წინსვლისთვის. ეს იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი პროცესისთვის. თქვენი გუშინდელი განცხადება და დღევანდელი ჩვენი სამმხრივი შეხვედრა ადასტურებს აშშ-ის მტკიცე ერთგულებას ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისადმი. მსურს, დაგარწმუნოთ, რომ ფინეთი გახდება ნატო-ს ძლიერი მოკავშირე. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ჩვენს უსაფრთხოებას. ფინეთის შეიარაღებული ძალები ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესია. ჩვენ მუდმივად ვდებთ ინვესტიციებს ჩვენი შესაძლებლობების განვითარებაში. ფინელების მზადყოფნა, დაიცვან თავიანთი ქვეყანა მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ მთელი ალიანსის უსაფრთხოებაში, ავიღოთ ერთმანეთის უსაფრთხოების გარანტიების ვალდებულება“, – განაცხადა საული ნიინისტემ.

ფინეთის პრეზიდენტმა ნატო-ს ყველა წევრის მხრიდან მხარდაჭერის იმედი გამოთქვა და თურქეთის წინააღმდეგობის საკითხსაც შეეხო.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ყველა მოკავშირისგან ძლიერი მხარდაჭერა გვექნება და ჩვენი წევრობის საკითხზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, გადაწყვეტილების რატიფიცირება სწრაფად მოხდება. მჯერა, რომ აშშ შეიძლება, გახდეს უკიდურესად მნიშვნელოვანი მაგალითი სხვებისთვის. ბოლო დროს თურქეთის ხელმძღვანელობამ გამოთქვა შეშფოთებები ჩვენი წევრობის განაცხადთან დაკავშირებით. მინდა, დღეს ამ შეშფოთებებს შევეხო. ფინეთს ყოველთვის ჰქონდა ფართო და კარგი ორმხრივი ურთიერთობები თურქეთთან. როგორც ნატო-ს მოკავშირე, ჩვენ ვიქნებით თურქეთის უსაფრთხოების ერთგულები, ისევე, როგორც თურქეთი იქნება ერთგული ჩვენს უსაფრთხოებაზე. ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ტერორიზმს, ვგმობთ ტერორიზმის ყველა ფორმას, ასევე აქტიურად ვართ ჩართული მის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ღია ვართ ჩვენს წევრობასთან დაკავშირებით თურქეთის ყველა შესაძლო შეშფოთების კონსტრუქციულად და ღიად განსახილველად. ეს დისკუსია უკვე მიმდინარეობს და გაგრძელდება მომავალ დღეებშიც“, – განაცხადა ფინეთის ლიდერმა.

საული ნიინისტეს თქმით, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება დაიცავს არა მხოლოდ ფინეთის უსაფრთხოებას, არამედ ასევე გააძლიერებს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას.

„24 თებერვალს ნიღბები ჩამოიხსნა და ჩვენ ვიხილეთ ომის ცივი სახე. რუსეთის ომმა უკრაინაში შეცვალა ევროპისა და ფინეთის უსაფრთხოების გარემო. ფინეთი დგამს ნაბიჯებს ნატო-ს წევრობისკენ არა მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად, არამედ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლადაც. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი და არ წარმოადგენს საფრთხეს ვინმესთვის. ამასთანვე, არ უნდა დგავავიწყდეს, რომ ამჟამად მამაცი უკრაინელი ხალხი იბრძვის არა მხოლოდ თავისი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, არამედ ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის. ფინეთი, ევროკავშირთან და აშშ-სთან ერთად, მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიგენდერული თანასწორობის საბჭოში „თანასწორობის თაობის“ ფორუმის ფარგლებში აღებული ვალდებულების აღსრულების პროცესზე იმსჯელეს
შემდეგი სტატია200-წლიანი სამხედრო მიუმხრობლობის შემდეგ, შვედეთმა ახალ გზა აირჩია, გუშინ ოფიციალურად წარვადგინეთ ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი – ანდერსონი