ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტო გაერთიანდება

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის ეროვნული სააგენტო გაერთიანდება.

ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს, სადაც ეკონომიკის სამინისტრომ შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა.

სააგენტოების გაერთიანების მიზეზებზე მედიასთან სხდომის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ისაუბრა.

„ეს არის ერთი ფანჯრის პრინციპის განმტკიცებისკენ მიმართული ნაბიჯი. ჩვენ შემოვედით საკანონმდებლო ინიციატივით, რომლის შედეგადაც გვინდა, გავაერთიანოთ ეკონომიკის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის ეროვნული სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დღეს არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მომსახურების სააგენტო. ქონების მართვის სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, ხოლო ანალოგიური სტრუქტურა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მომსახურების სააგენტო ახორციელებს მოძრავი ქონების გაყიდვას. მოსახლეობისთვის, ბიზნესებისთვის ამ სერვისებით სარგებლობის გამარტივების მიზნით, სერვისი ერთი ქუდის ქვეშ მოექცევა. ანუ ჩვენი ქონების მართვის სააგენტო შეითავსებს მოძრავი და უძრავი ქონების განკარგვის პროცედურებს და ერთიანი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით უფრო მარტივად მოხდება ამ სერვისის შეთავაზება“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივა სხვა ტიპის გამარტივებებსაც მოიცავს, მაგრამ ძირითადი სტრუქტურული გამარტივებაა – ერთი ფანჯრის პრინციპი ყველანაირი სახის სახელმწიფო ქონების განკარგვის თვალსაზრისით.

banner
წინა სტატიაშიმეუფე პეტრემ ეპარქია მეუფე გრიგოლს გადააბარა
შემდეგი სტატიაპროკურატურა მეუფე იაკობთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს