ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რას ითვალისწინებს სათამაშო ბიზნესთან მიმართებით ახალი რეგულაციების შემოტანა

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განმარტა, რას ითვალისწინებს სათამაშო ბიზნესთან მიმართებით ახალი რეგულაციების შემოტანა.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, სათამაშო ბიზნესთან მიმართებით გარკვეული რეგულაციები შემოსავლებს შეამცირებს, თუმცა, საგადასახადო პოლიტიკა ამ საკითხს დააბალანსებს.

„დაბეგვრის მექანიზმი გაურკვეველი ვერ იქნება კომპანიებისთვის იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ოპერირებენ ეს კომპანიები. საუბარი მაქვს იმ ჯგუფზე, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს, ეს დაბეგვრის მექანიზმი ყველა ქვეყანაში არის ერთნაირი. ეს არის ე.წ. ჯიჯიარის დაბეგვრა. შინაარსობრივად ეს არის მიღებულ ფსონსა და გაცემულ მოგებას შორის ყოველთვიურად გაანგარიშებული ე..წ ჯიჯიარის დაბეგვრა. მაგალითისთვის, თუ კონრეტულ სათამაშოს ობიექტს მთლიანი შემოსავალი თვის განმავლობაში 100 ლარი ჰქონდა და ამ 100 ლარის შემოსავლიდან მან გასცა დაახლოებით 30 ლარის მოგება, გამოდის, რომ 70 ლარი არის ე.წ. სხვაობა. შესაბამისად, 70 ლარის 10%-ს, ანუ 7 ლარს გადაიხდის კონკრეტული თვის მომდევნო თვეში ბიუჯეტში კონკრეტული ოპერატორი. ეს 10%-იანი განაკვეთი არ არის უმაღლესი, რომელიც ბევრ ქვეყანაში გვხვდება. არის ქვეყნების გარკვეული რაოდენობა, სადაც 10%-ზე მაღალი არის ეს განაკვეთი. შესაბამისად, ამ მიმართულებით არ მგონია, ისეთი ნორმა შემოდის, რომ კომპანიები ამ ტვირთს ვერ აიღებენ“,-განაცხადა ხუციშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობას „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად ვადა 2023 წლის პირველ იანვრამდე უხანგრძლივდება
შემდეგი სტატიათიბისი ინოვაციურ პროექტს – ESG ელჩს წყებს