ფინანსთა მინისტრი ტელეკომპანია “იბერიაზე“ ზეწოლას გამორიცხავს

ფინანსთა მინისტრი ტელეკომპანია „იბერიასა“ და მის დამფინანსებელზე რაიმე სახის ზეწოლას გამორიცხავს. როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, თითოეული ქართული საწარმო ძალიან მნიშვნელოვანია.

“მინდა ყველას შევახსენო, რომ ზოგადად სააქციზო საქონლის და ამ შემთხვევაში თამბაქო, არის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ჩვენი ბიუჯეტისთვის და მე პირადად ეს ძალიან ტექნიკური თემა მგონია საგადასახადო ნაწილში, ნებისმიერი თამბაქოს და არათამბაქოს მწარმოებელი კომპანიის ურთიერთობა სახელმწიფოსთან. რაც შეეხება თავისუფალ მედიას, ვფიქრობ პრემიერმა ძალიან დეტალური განმარტება გააკეთა, თავისუფალი მედია არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებით. მინდა ყველას შევახსენო, რომ ის რაოდენობა მედიის რაც ქვეყანაში არსებობს არის ძალიან კარგი, შეესაბამება იმას საითკენაც საქართველო მიისწრაფვის, ევროპისკენ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეკითხვაზე გამორიცხავს თუ არა ის ბიზნესზე ზეწოლას მინისტრმა განაცხადა, რომ გამორიცხავს,

“გამოვრიცხავ ნებისმიერი ტიპის ზეწოლას, ნებისმიერი ტიპის საგადასახადო ინსტრუმენტების გამოყენებით. ბიზნესის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება, ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი და საგადასახადო ორგანოებთან თანამშრომლობა არის ძალიან გამჭვირვალე, თამაშის წესები არის საერთო ყველასთვის“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიბათუმი-თბილისის მატარებელზე სტუდენტები ფასდაკლებით ვეღარ სარგებლობენ
შემდეგი სტატიანატო ჩხეიძე : რაც შეიძლება ახლა ხდებოდეს, „იბერიაზე“ შეტევას ვერ დავარქმევ, შეტევა იყო 2004 წელს