ფინანსთა მინისტრი: ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება პანდემიამდე პერიოდთან შედარებით

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ მაისში ეკონომიკის 25.8%-იანი ზრდა ეკონომიკური ზრდის პოზიტიური სცენარისკენ მიმდინარეობაზე მიანიშნებს. ხუციშვილი განმარტავს, რომ ეკონომიკური ზრდა პანდემიამდე პერიოდთან შედარებითაც ფიქსირდება.

როგორც მან აღნიშნა, ეკონომიკის ზრდა მოლოდინებს აჩენს, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა დონეზე დაფიქსირდება.

“მიმდინარე წლის მაისის თვეში საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 25,8%-ით შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანია ის, რომ ზრდა ფიქსირდება არა მხოლოდ შარშანდელ პერიოდთან შედარებით, არამედ ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება პანდემიამდე პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2019 წელთან შედარებით გვაქვს 8,8%-იანი ეკონომიკური ზრდა. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია, პრაქტიკულად, ყველა სექტორში აქტივობების ზრდით – დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვები გაზრდილია 50%-ით, ასევე, სტაბილურად იზრდება ექსპორტის მაჩვენებელი, სადაც დაფიქსირდა 45%-იანი ზრდა. მაისის თვეში დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტრო გადახედავს წლიური ეკონიმიკური ზრდის პროგნოზებს, რომელიც უკვე ასახული იქნება ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვერსიაში, რომელიც უახლოეს პერიოდში განსახილველად წარედგინება საქართველოს პარალმენტს. მნიშვნელოვანია ის, რომ ეკონომიკური ზრდის დინამიკა მიმდინარეობს პოზიტიური სცენარისკენ, რაც მოლოდინს აჩენს, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა დონეზე დაფიქსირდება”, – თქვა ლაშა ხუციშვილმა.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა