ფილოლოგი, რომელმაც წალენჯიხაში ტიტების პლანტაცია გააშენა

თამარ კვარაცხელია პროფესიით ფილოლოგია, მაგრამ 15 წლის წინ, ხელი ტიტების გამოყვანს მიჰყო და ამ საქმეში წარმატებას მეუღლის, ვალერი ჭანტურიას თანადგომით მიაღწია. შესაბამისად, დღეს მათ ეზოში 5000-მდე ძირი 18 სხვადასხვა ჯიშის ჰოლანდიური ტიტა ხარობს. „წლების წინ, ჩემმა დამ, დარეჯანმა აშშ-დან საჩუქრად რამდენიმე ბოლქვი გამოგვიგზავნა, რამაც საფუძველი დაუდო ტიტების გამრავლებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან შრომატევადი პროცესი იყო, თამარი ბუნების ამ ულამაზეს ქმნილებას მზრუნველობას არ აკლებდა და შედეგიც სახეზეა,“ – ამბობს ვალერი ჭანტურია. „საქართველოში ტიტებზე დიდი მოთხოვნაა,“ – დასძენს ქალბატონი თამარი და აქვე, განმარტავს, რომ თუკი რომელიმე სამთავრობო, ან არასამთავრობო ორგანიზაცია მათი საქმიანობით დაინტერესდება, ანუ მცირე ბიზნესის განვითარების მიზნით გრანტს მისცემს, ტიტების სათბურს გააშენებს.
„მზად ვართ, გამოვიყენოთ წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილება, არ დავიშუროთ ძალ-ღონე და გავზარდოთ ყვავილების წარმოება. ჩვენი ტიტა, მართლაც, მაღალი ხარისხის ყვავილია, საამისოდ კი მთავარი პირობა ნიადაგის სწორად შერჩევა და აგროტექნიკური ღონისძიებების დროულად ჩატარებაა. დაფინანსების შემთხვევაში, ასევე, მზად ვართ, ტიტას გარდა, სხვა ყვავილების გაშენებაზეც ვფიქროთ,“ – ამბობს ქალბატონი თამარი.
მისივე ინფორმაციით, ტიტა წელიწადში ერთხელ ყვავის. სათბურის არსებობის შემთხვევაში კი, შესაძლებელი იქნება, სხვა სახეობის ყვავილების მოშენებაც.
– რომ არა ჩემი მეუღლის თანადგომა, ამ იდეას განხორციელება არ ეწერა – აგრონომია და მისი კვალიფიციური რჩევები ჩემთვის მნიშვნელოვანია. ტიტის მოვლა იოლი არაა, დღედაღამ კონტროლი სჭირდება, სათითაოდ ყველა ძირთან უნდა მიხვიდე,“ – ამბობს ქალბატონი თამარი.

კახა კვარაცხელია

banner
წინა სტატიაშიბზობა – იერუსალიმში ჯვარცმად მიმავალი ქრისტე
შემდეგი სტატიასაქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წელი შესრულდა