18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

PHR: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების უფლებების დასაცავად ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ

PHR დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების უფლებების დასაცავად ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებს. ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.

ორგანიზაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სახელმწიფოს მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვისთვის აუცილებელი მედიკამენტის დაფინანსების მოთხოვნით.
სასამართლოსთვის მიმართვამდე, PHR-მა მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. მიუხედავად ამისა, არც ჯანდაცვის სამინისტრომ და არც თბილისის საქალაქო სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მაშინ როდესაც ბავშვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მედიკამენტებისა და სერვისების უზრუნველყოფა სახელმწიფოს პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს.
ორგანიზაცია გაასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ბავშვს უარი ეთქვა მედიკამენტებისა და აუცილებელი სერვისების მიღებაზე.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები დაახლოებით ორი წელია სახელმწიფოსგან ითხოვენ:
• სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების დაფინანსებას;
• შესაბამისი სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფას;
• მულტიდისციპლინური ექიმთა გუნდის შექმნას.
სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი რეაგირების არარსებობის გამო, 2026 წლის 20 აპრილიდან მშობლები და ბავშვები უწყვეტ პროტესტს მართავენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინ.
ორგანიზაციის შეფასებით, ამ პროცესში სახელმწიფომ ბავშვებისა და მშობლების სხვადასხვა უფლებები დაარღვია. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ აქციის მონაწილეებს უარი ეთქვათ ისეთი აუცილებელი ნივთების გამოყენებაზე, როგორიცაა კარვები, პუფები და პლედები — საშუალებები, რომლებიც ბავშვებსა და მშობლებს უამინდობისგან და ჯანმრთელობის დამატებითი დაზიანებისგან დაიცავდა.
განვმარტავთ, რომ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება განახორციელოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, მათი ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად, ყველა საჭირო მოქმედება, ( გონივრული მისადაგება); ასევე, უზრუნველყოს მათი უფლებების რეალური განხორციელება და მხარდაჭერა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვები მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ.
აღნიშნულ საკითხზე ორგანიზაციას დაწყებული აქვს სამართალწარმოებაც, რადგან გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, ბავშვებს აქვთ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, რომლის ეფექტიანი დაცვაც სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს.
როგორც ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია, PHR დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად განაგრძობს სამართლებრივ მხარდაჭერას და გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას. ასევე, ორგანიზაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ბავშვებსა და მშობლებს მათ მშვიდობიან და უწყვეტ პროტესტს, რომელიც ბავშვების ფუნდამენტური უფლებების დაცვას ემსახურება.

ორგანიზაცია იურიდიულ დახმარებას სთავაზობს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ყველა ბავშვსა და მათ მშობლებს”,_ აცხადებს ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”.

banner
წინა სტატიაშინარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობა- ოთხ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინეს
შემდეგი სტატია92 დაღუპული და 989 დაშავებული 3 თვეში – შსს ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკას აქვეყნებს