PHP-ში აღმოჩენილი კრიტიკული ხარვეზების გამო ევროპის ქვეყნებში სამთავრობო ვებსაიტებს თიშავენ
ინტერნეტს მასშტაბური კიბერუსაფრთხოების საფრთხე ემუქრება. PHP-ში აღმოჩენილი ორი კრიტიკული უსაფრთხოების ხარვეზის გამო ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სამთავრობო ვებსაიტებს სიფრთხილის მიზნით თიშავენ.
Reuters-ის ცნობით, ნიდერლანდებისა და ფინეთის სახელმწიფო უწყებებმა უსაფრთხოების ზომები მიიღეს. ნიდერლანდების ეროვნულმა კიბერუსაფრთხოების ცენტრმა (NCSC) სიფრთხილის მიზნით საკუთარი ვებსაიტიც გათიშა.
გერმანული გამოცემა „ბილდის“ ინფორმაციით, კიბერუსაფრთხოების საფრთხემ გერმანიის ქალაქ მაინცზეც იმოქმედა. ქალაქის ადმინისტრაციამ დროებით გათიშა ვებპორტალი mainz.de და სხვა ონლაინსერვისები. ადმინისტრაციის ცნობით, ოფისებთან დაკავშირება კვლავ შესაძლებელია ტელეფონითა და ელექტრონული ფოსტით, ხოლო წინასწარ დაგეგმილი ვიზიტები ჩვეულ რეჟიმში უნდა ჩატარდეს.
სიფრთხილის ზომები მიიღო ფრაიბურგის უნივერსიტეტმაც, რომელმაც ზოგიერთი ვებსაიტი და ცენტრალური სერვისი დროებით გათიშა.
გამოვლენილი ხარვეზები თავდამსხმელებს დაუცველ ვებსაიტებზე კონტროლის მოპოვებისა და მონაცემების მოპარვის შესაძლებლობას აძლევს. საფრთხის მასშტაბს ზრდის ის ფაქტი, რომ PHP ფართოდ გამოიყენება ინტერნეტში და მრავალი ვებსაიტის, ელექტრონული მაღაზიისა და ონლაინსერვისის მუშაობას უზრუნველყოფს.
PHP-ის საფუძველზე მუშაობს ისეთი პოპულარული პლატფორმები, როგორიცაა WordPress, Drupal, Joomla და Magento. ის ასევე გამოიყენება საერთო ჰოსტინგის სერვისებსა და ვებსაიტების მართვის პანელებში.
კიბერუსაფრთხოების კომპანია Huntress-ის განცხადებით, PHP იმდენად ფართოდ არის გავრცელებული, რომ ის ხშირად გამოიყენება ისეთ ვებსაიტებსა და პროგრამულ უზრუნველყოფაში, სადაც მომხმარებლებისთვის მისი არსებობა შეუმჩნეველია.
ევროკავშირის ინსტიტუტების კიბერუსაფრთხოების ჯგუფი CERT-EU ორგანიზაციებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოავლინონ PHP-ზე მომუშავე აპლიკაციები და მათი დაცვისთვის საჭირო ზომები მიიღონ. რეკომენდაციის თანახმად, თუ პრობლემის სწრაფად აღმოფხვრა შეუძლებელია, ორგანიზაციებმა უნდა განიხილონ ინტერნეტიდან საჯაროდ ხელმისაწვდომი აპლიკაციების დროებით გათიშვა.















