პეტრო პოროშენკო – რუსეთი იტყუება, რომ საქართველო საკუთარ თავს დაესხა

რუსეთი იტყუება, რომ საქართველო საკუთარ თავს დაესხა, – ეს განცხადება გაერო-ს გენერალურ დებატებზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა.

პეტრო პოროშენკოს თქმით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება. პოროშენკოს განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად ათასობით ადამიანი იხოცება.

“მაშინ როდესაც უკრაინა იცავს საკუთარ მიწას და თავისუფალ არჩევანს ნეოიმპრიალისტური ძალისგან, რომელსაც მსოფლიოს ახლებურად დაყოფა სურს, ჩვენ, უკრაინელები ვიცავთ თავისუფალ სამყაროს” – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

პოროშენკოს თქმით, სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოება დუმილს ამჯობინებს, როდესაც საერთაშორისო წესებს უხეშად არღვევენ.

“თქვენი დუმილი არის ის, რაც კრემლს აიარაღებს და უბიძგებს გააგრძელოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ავტომატურად, თითოეულ ჩვენგანს დაუპირისპირდეს. გულუბრყვილოა იმაზე ფიქრი, რომ მშვიდობას მხოლოდ გარკვეული ქვეყნები შეინარჩუნებენ, ასე არ მოხდება. თუ ჩვენ ვაფიქრებინებთ ვინმეს, რომ ის კანონებითა და საზღვრებით არ არის შეზღუდული, ის იფიქრებს, რომ უფლება აქვს, გადახედოს საერთაშორისო სისტემას, ისე როგორც თავად სურს” – განაცხადა პოროშენკომ

მისი თქმით, რუსეთის შეჩერება მხოლოდ გაერთიანებული ძალისხმევით არის შესაძლებელი.

“რუსეთის აგრესიის ადეკვატური რეაგირების გარეშე დატოვებამ გამოწვია ის, რომ საქართველოს მოჰყვა უკრაინა, ლიტვინენკოს სკრიპალი, ხოლო ალეპოს იდლიბი. კრემლი შეჩერებას არ აპირებს. ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთს აზოვის ზღვის ოკუპაცია სურს” – განაცხადა პოროშენკომ.

რუსეთი არღვევს საერთაშორისო წესრიგს და საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლა სურს, რაც გაერო-სგან უპასუხოდ არ უნდა დარჩეს, ამიტომ, პოროშენკოს თქმით, აუცილებელია, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმა, რათა რუსეთმა ვეტოს წესის ბოროტად გამოყენება ვერ შეძლოს.

banner
წინა სტატიაში27 სექტემებერი….
შემდეგი სტატიალავროვს პოროშენკოზე ხუმრობა მწარედ შეუბრუნეს (ვიდეო)