კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მზადყოფნას რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე.
როგორც პესკოვი აღნიშნავს, ზელენსკის ამჟამინდელი პოზიცია უკეთესია, ვიდრე მის მიერ მანამდე გაკეთებული განცხადებები.
„მთლიანობაში, ეს, რა თქმა უნდა, უკეთესია, ვიდრე განცხადება იმის თაობაზე, რომ „რუსულ მხარესთან და ქვეყნის ლიდერთან რაიმე სახის კონტაქტი გამორიცხული იყო“. ცხადია, ამა თუ იმ ტონალობაში დაიალოგზე საუბარი ბევრად უკეთესი ვარიანტია, ვიდრე უკანასკნელ უკრაინამდე ბრძოლის განზრახვაზე საუბარი“, – ამბობს პესკოვი.
მისივე თქმით, უკრაინულმა მხარემ დააკონკრეტოს, რას გულისხმობს, როდესაც მოლაპარაკებების შესახებ საუბრობს.
„კონკრეტულად რა დგას ამ სიტყვების მიღმა, რა კონკრეტულ გეგმებზე და ქმედებებზეა საუბარი ამ მიმართულებით? სერიოზულია თუ არა ეს საუბარი, ამის შეფასება ჯერ ჩვენ არ შეგვიძლია. აქ რაიმე კონკრეტულ მოქმედებებს უნდა დაველოდოთ, თუ კი ასეთი იქნება“, – აცხადებს პესკოვი.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „პუტინთან მოლაპარაკება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ შუამავლების მეშვეობით“. BBC-სთან ინტერვიუში კი აღნიშნა, რომ უკრაინა ამზადებს საპასუხო გეგმას, რომელსაც შესთავაზებს რუსეთს.