რუსეთი ვარაუდობს, რომ სერბეთში გაზსადენზე „საბოტაჟის მცდელობის“ უკან „კიევის რეჟიმის ჩარევის კვალია“,_ ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ვიცით, რომ „თურქული ნაკადისა” და „ლურჯი ნაკადის” ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სექცია კიევის რეჟიმის თავდასხმების სამიზნე არაერთხელ გამხდარა. ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, თუ ვინ შეიძლება იდგეს ევროპის ტერიტორიაზე ამ კრიტიკულ ენერგეტიკულ არტერიაზე თავდასხმის მცდელობების უკან. მაღალი ალბათობით, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ამჯერადაც კიევის რეჟიმის ჩარევის კვალი აღმოჩნდება. ვიმედოვნებთ, ანკარაში ზელენსკისთან უახლოესი კონტაქტებისას მას უთხრეს, რომ „თურქეთის ნაკადისა” და „ლურჯი ნაკადის“ ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ასეთი აგრესიული ქმედებები მიუღებელია,“- აცხადებს დიმიტრი პესკოვი.
ინფორმაციისთვის, 5 აპრილს სერბეთმა უნგრეთისკენ გამავალ გაზსადენზე საბოტაჟის მცდელობის შესახებ განაცხადა. მათ ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და დეტონატორების შემცველი დიდი პაკეტები აღმოაჩინეს.
















