“პერსონალური მონაცემების ( განსაკუთრებით საბანკო სფეროში) მკაცრ დაცვას რომ ითხოვენ საზღვარგარეთის ქვეყნებში, ამას თავისი ობიექტუტი მიზეზები აქვს, აქ კი ზოგიერთს სასაცილოდ მიაჩნია ამაზე საუბარი. ვის რაში სჭირდება პენსიონერის მონაცემი ან იანდექს ტაქსმა თუ იცის ჩემი ადგილსამყოფელი ან ტელეფონი, ამით რა უნდა დამაკლოსო. ასეთი კომენტარები იყო ჩემს გუშინდელ პოსტზე, რომელიც ნიდერლანდებში იანდექს ტაქსის 100 მილიონი ევროთი დაჯარიმებას ეხებოდა, რომელიც რუსეთში გადასცემდა ამ ქვეყნის მოქალაქეების მონაცემებს. ასევე ვსაუბრობდი იმაზე, თუ რა საფრთხეს შეიცავს 2 მილიონი ჩვენი მოქალაქის პერსონალური ინფორმაციის ფლობა გაერთიანებული ლიბერთი ბანკი-ბაზის ბანკის მიერ. 2017 წლის ჩინეთის დაზვერვის კანონი ნებისმიერ ჩინურ კომპანიას, შინ იქნება თუ გარეთ, ავალდებულებს საჭირო ინფორმაციის მიწოდებას.
რაც შეეხება პენსიონერებს: სწორედ მათ პერსონსლურ მონაცემებს ემყარება ე. წ. ქოლცენტრების მუშაობა, რომლებსაც თაღლითებმა მილიარდობით დოლარი დასტყუეს. მხოლოდ 2024 წელს 2,4 მილიარდი დოლარი იქნა მითვისებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
რადგან ქოლცენტრებზე ჩამოვარდა საუბარი: საქართველოში ყველა მსგავსი კრიმინალური დაწესებულება ხელისუფლების მფარველობის წყალობით ახერხებდა მუშაობას. მათი მთავარი იარაღი სპეციალური პროგრამებია, რომელიც სატელეფონო ზარების გენერირების, ყალბი ფინანსური ვებგვერდებისა და სხვა თაღლითური სქემების ერთიანობაა. აქ ერთმა პირმა, ისრაელ-საქართველოს მოქალაქემ, აღიარა, რომ მსგავსი პროგრამებით ვაჭრობდა. ეს თაღლითი დღეს დაპატიმრების ნაცვლდ თავისუფალია, ხოლო ელისო კილაძე, რომელიც რაღაც ფარულ ჩანაწერში ამბობს, რომ ამხელდა ამ პიროვნებას, ახლა ციხეში ზის.
ელისო კილაძის საქმე, რაც გამოძიების მიერ გავრცელებული მასალებიდან შევიტყვეთ, არის თეთრი ძაფებით ნაკერი. მას ადანაშაულებენ ქოლცენტრების ამ ტექნიკური მხარდამჭერი პირის დაშაშანტაჟების მცდელობაში. ვიღაცასთან სამზარეულოში საუბარი, რომ ამას და ამას დავაშანტაჟებ, სულაც არ ნიშნავს ქმედებას. სანამ იდეა ხორცს არ შეისხამს, ეს მხოლოდ მოსაზრებაა, ამას ჰქვია აზრის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, რაც კონსტიტუციურად დაცულია. რომ ვთქვა ვიღაცასთან, ეს მთავრობა უნდა დაემხოსო, ეს არ ნიშნავს, რომ მის დამხობას ვაორგანიზებ.
ელისო კილაძე არის წინააღმდეგობრივი პიროვნება. მას ბევრი მომხრე ჰყავს და არანაკლები მოწინააღმდეგე. არ ვიცი სხვა რა პრეტენზიები აქვს გამოძიებას, მაგრამ ის საქმე, რაც მის წინააღმდეგ შეკერეს, ქოლცენტრების საქმის მხილების გასანეიტრალებლად მიმართულ ნაბიჯს ჰგავს ხელისუფლების მხრიდან.
მე არაფერი დამიშავებია, მხოლოდ პროგრამებს ვყიდიდიო, მოისაწყლა თავი იმ თაღლითმა კაცმა. ეს სწორედ ის პროგრამებია, მილიონობით ადამინი რომ გააუბედურა მთელ მსოფლიოში.
ნუ ვუყურებთ პერსონალურ მონაცემებს ზედაპირულად”-წერს რომან გოცირიძე.
















