პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე თამარ ქალდანის შემცვლელის შერჩევა იწყება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე თამარ ქალდანის შემცვლელის შერჩევა იწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკვე გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, დამტკიცებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საკონკურსო კომისიის შემადგენლობა.

პრემიერის ბრძანებით, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, თამარ ქალდანის შემცვლელს აირჩევენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა, სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.

კანონმდებლობის თანახმად, ინსპექტორად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და შესაბამისი საქმიანი და მორალური თვისებები.

ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 11 და არაუგვიანეს 10 კვირისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 კვირის ვადაში კომისია საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრებს. კომისიის ყველა წევრის წარდგენიდან 3 დღის ვადაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იწვევს კომისიის პირველ სხდომას.

ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით შეარჩევს ინსპექტორის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას და წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც თავის მხრივ 10 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტს წარუდგენს 2 კანდიდატურას ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად. საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, კანდიდატურების წარდგენიდან არაუგვიანეს 14 დღისა ირჩევს ინსპექტორს. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი რაოდენობის ხმები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2 კვირის ვადაში აცხადებს ხელახალ კონკურსს.

ინსპექტორი ინიშნება 3 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი ინსპექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედი ინსპექტორი თამარ ქალდანი თანამდებობაზე 2013 წლის 1 ივლისს დაინიშნა.

banner
წინა სტატიაში,,ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ რაღაცის გამოძიება არ ხდება ან ვიღაცა ვიღაცას ხელს აფარებს”
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით ნარკოდანაშუალისთვის ტელეწამყავი ,,როსტო” და მსახიობი ლაშა კურტანიძე დააკავეს