პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ნიკა რურუას მიერ შეტყობინებებისა და სატელეფონო ზარების გამოყენების საკითხს სწავლობს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ნიკა რურუას მიერ შეტყობინებებისა და სატელეფონო ზარების გამოყენების საკითხს სწავლობს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა განუცხადა.

„ჩვენ უკვე დავინტერესდით ამ საკითხით. იცით, რომ წინასაარჩევნო პროცესში, მათ შორის მეორე ტურებთან დაკავშირებით, მოხდა ესემესის თუ სატელეფონო ზარების გამოყენება. ჩვენ მივმართეთ ნიკა რურუას, ველოდებით მისგან დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას, მათ შორის იმაზე, უშუალოდ ფლობს თუ არა სატელეფონო ნომრებს, რა ნიშნით შეარჩია ან მოიპოვა სატელეფონო ნომრები. თუ ვთქვათ, არ ფლობს, რომელი კომპანიის დახმარებას იყენებს ასეთი ტიპის კომუნიკაციის განხორციელების დროს“,-აღნიშნა თამარ ქალდანმა.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო პროცესში კანდიდატებს აქვთ საარჩევნო კანონმდებლობით გარანტირებული უფლება, კომინიკაცია დაამყარონ ამომრჩევლებთან სხვადასხვა ფორმატში სატელეფონო ან სმს კკონტაქტს საარჩევნო კანონმდებლობა არ ზღუდავს, მაგრამ არაერთმა მოქალაქემ დასვა კითხვა, საიდან შეიძლება ყოფილიყო მათი ნომერი იმ მონაცემთა ბაზაში, რომლის დამუშავებასაც სავარაუდოდ აქვს ადგილი.

“ველოდებით დამატებით ინფორმაციას კანდიდატისგან, მისი შტაბისგან ან პარტიისგან. არ ვიცით, ვინ ახორციელებს უშუალოდ ამ ინფორმაციის დამუშავებას. ჩვენ გვჭირდება დამატებითი ინფორმაცია სწორედ იმისთვის, რომ შევაფასოთ, არის თუ არა დარღვევა და თუ არის, რა ტიპის დარღვევაზე შეიძლება იყოს საუბარი. ამ ეტაპზე ნამდვილად შემიძლია დავადასტურო, რომ მოქალაქეთა ტელეფონის ნომრები არ არის საჯარო ინფორმაცია“,-აღნიშნა თამარ ქალდანმა.

banner
წინა სტატიაშიიანოშ ჰერმანი ვიზალიბერალიზაციის კონკრეტულ თარიღს ისევ ვერ ასახელებს
შემდეგი სტატიაზაზა ხატიაშვილი : ადვოკატთა სკოლა მუშაობას პირველი იანვრიდან დაიწყებს