წლევანდელ სეზონზე ფერმერები მელიორაციაში გაზრდილი ტარიფის გადახდა მოუწევთ. ახალ წესებზე “საქართველოს მელიორაცია” ფერმერებისთვის დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.
სასურველ დროს საირიგაციო წყლის შეუფერხებლად მისაღებად, წყალმომხმარებლებმა სარწყავი სეზონის დაწყებამდე „საქართველოს მელიორაციის“ სერვისცენტრებს უნდა მიმართონ და მომსახურების ხელშეკრულებები დროულად გააფორმონ.
„მნიშვნელოვანია, ფერმერებმა კომპანიასთან ხელშეკრულებები გააფორმონ მორწყვის სეზონის დაწყებამდე, რათა სარწყავი წყალი მათთვის სასურველ დროს, დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად, შეუფერხებლად მიიღონ. ამასთან, წყალმომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ სარწყავი წყლის მოხმარების საფასურს რეალურად მიღებული მომსახურების შემდეგ გადაიხდიან და არა ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, – აცხადებს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი.
გასულ კვირაში მთავრობამ საირიგაციო წყლის მიწოდების სუბსიდირების სქემა დაამტკიცა. ახალი ტარიფებით 1 მორწყვის საფასური გაუმრიცხველიანებელი ფერმერებისთვის 116,5 ლარამდე ძვირდება, მაშინ როცა აქამდე ფერმერებს ამ მომსახურებაში წლიურად მხოლოდ 75 ლარის გადახდა უწევდათ. დასავლეთ საქართველოში კი ტარიფი უფრო ნაკლები 45 ლარი იყო.
დადგენილებით, ტარიფი განისაზღვრა სხვადასხვა კულტურებზე, მაგალითად ერთწლიანი კულტურების 1 მორწყვა 116.5 ლარი იქნება (დღგ ჩათვლით), მრავალწლიანი კულტურების მორწყვის ფასი კი 1 ჰა ტერიტორიაზე 102 ლარი. ახალი ტარიფების დადგენის ფონზე კი, მთავრობა ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენებას ნაწილობრივ დაუსუბსიდირებს. კერძოდ, ახალი წესით მთავრობა სეზონზე სამ მორწყვას დაასუბსიდირებს, დანარჩენი თანხის გადახდა თავად ფერმერებს მოუწევთ.
















