საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა დარგში არსებულ უმძიმეს კრიზისზე საუბრობს. გადაცემა „საქმეში“ სტუმრობისას ჭითანავამ აღნიშნა, რომ გახშირებული უამინდობისა და კლიმატური ცვლილებების გამო, დასავლეთ საქართველოში საგაზაფხულო სამუშაოები ფაქტობრივად ჩაშლილია, რამაც შესაძლოა სერიოზული სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებები გამოიწვიოს.
ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო წლებში ბაქტერიული ინფექციების გავრცელებამ კატასტროფული მასშტაბები მიიღო, რასაც გადაუღებელი წვიმები კიდევ უფრო ააქტიურებს:
„ბოლო 4-5 წლის განმავლობაში, ბაქტერიული დაავადებების გახშირებამ დაახლოებით 7 000 ჰექტარი თხილის ბაღის გახმობა გამოიწვია. დასავლეთ საქართველოში პლანტაციები კვირებისა და თვეების განმავლობაში ფაქტობრივად წყალშია. ფერმერები ბაღებში ფიზიკურად ვერ შედიან, ან ვინც შედის, უშედეგოა ჩატარებული წამლობა, რადგან მეორე დღეს ისევ წვიმს. ფაროსანასთან ბრძოლაც საკმაოდ გართულებულია“, — განაცხადა მერაბ ჭითანავამ.
ჭითანავას თქმით, პრობლემების კომპლექსურობიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დაწყებული შეხვედრები უნდა გაგრძელდეს, რადგან ირიგაციისა და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგება ადგილობრივი ძალებით შეუძლებელია.

















