პენტაგონი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ აფეთქების შემდეგ, კრეისერი “მოსკოვი” ჩაიძირა

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კრეისერი “მოსკოვი” აფეთქებისა და ხანძრის შემდეგ ჩაიძირა, არ ადასტურებს პენტაგონი. უწყების პრესმდივნის, ჯონ კირბის თქმით, რუსულ კრეისერ “მოსკოვზე” აფეთქება მოხდა, თუმცა აშშ-ს ამ ეტაპზე არ შეუძლია დაადასტუროს არც ის, რამ გამოიწვია მისი აფეთქება და იყო თუ არა ეს რაკეტა.

“ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა. ვადასტურებთ, რომ მოხდა აფეთქება – სულ მცირე ერთი აფეთქება ამ კრეისერზე, რამაც გემს საკმაოდ სერიოზული, დიდი ზიანი მიაყენა” – ამბობს კირბი. მისივე თქმით, დაზიანებული რუსული ხომალდი ცურავს და “შავ ზღვაზე თავის გზას გადის”.

გამოცემა CNN წერს, რომ რუსეთი ამბობს, რომ კრეისერი “ტივტივებს” მას შემდეგ, რაც ბორტზე არსებული საბრძოლო მასალა აფეთქდა, უკრაინული მხარე კი იუწყება, რომ “მოსკოვს” “ნეპტუნის” საზენიტო რაკეტებმა დაარტყა და ჩაიძირა.

“ჩვენი აზრით, გემს საკუთარი გზის გავლა შეუძლია და ის ამას აკეთებს. ვფიქრობთ, რომ ის ახლა აღმოსავლეთის მიმართულებით მიდის. ჩვენი აზრით, შესაკეთებლად ის სევასტოპოლში გაჩერდება, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ეს კონკრეტულად რამ გამოიწვია” – ამბობს კირბი.

მისივე თქმით, გემი ოდესიდან სამხრეთით, 60 მილის (დაახლოებით 96 კმ) დაშორებით რამდენიმე რუსულ გემთან ერთად იმყოფებოდა.

“აფეთქება იმდენად დიდი იყო, რომ ჩვენ მივიღეთ ნიშნები იმის შესახებ, რომ მის ირგვლივ მყოფი სხვა ხომალდები მის დასახმარებლად მისვლას ცდილობდნენ, თუმცა, საბოლოოდ, ეს საჭირო აღარ აღმოჩნდა. ასე რომ, ის თავის გზას გადის შავი ზღვის გასწვრივ და ჩვენ გავაგრძელებთ ამის მონიტორინგს” – ამბობს კირბი.

მანამდე კი კრეისერ “მოსკოვზე” ხანძარი რუსეთმა დაადასტურა. სამთავრობო RIA-მ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით დაწერა, რომ „ხანძრის შედეგად სარაკეტო კრეისერ Moskva-ზე აფეთქდა სამხედრო მარაგი. ხომალდი ხანძრის გამო სერიოზულად დაზიანდა”.

ამასთან, უწყებაში ამბობდნენ, რომ კრეისერის ეკიპაჟი ევაკუირებულია, ხანძრის მიზეზს კი ადგენენ.

banner
წინა სტატიაშირუსი მომწოდებლების გაძევების მცდელობები, ჩვენი ენერგორესურსების ალტერნატიული მიწოდებით ჩანაცვლება, გარდაუვლად იმოქმედებს მთელ გლობალურ ეკონომიკაზე – პუტინი
შემდეგი სტატიაპესკოვი – პუტინს ზელენსკისთან შეხვედრაზე პრინციპული უარი არასდროს უთქვამს