პენტაგონი აცხადებს, რომ კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან შესაძლო ესკალაციის არ ეშინია

პენტაგონმა განაცხადა, რომ კურსკის ოლქში უკრაინული ძალების წინსვლასთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან დაძაბულობის შესაძლო გამწვავებით შეშფოთებული არ არის. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა საბრინა სინგმა ბრიფინგზე განაცხადა, იუწყება European Pravda.

საბრინა სინგმა უპასუხა კითხვას იმასთან დაკავშირებით, იწვევს თუ არა კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენები პენტაგონის შეშფოთებას.

„არა, რადგან, საბოლოო ჯამში, უკრაინა იბრძვის თავისი სუვერენული ტერიტორიისთვის, სადაც მისი მეზობელი შეიჭრა. ასე რომ, თუ გვინდა დაძაბულობის დეესკალაცია, როგორც თავიდანვე ვთქვით, ამისთვის საუკეთესო გზაა, პუტინმა დღესვე მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინიდან ჯარების გაყვანის შესახებ“, – განაცხადა სინგმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გააგრძელოს თავისი სუვერენული ტერიტორიის დაბრუნება. პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენები ამ სცენარში ჯდება.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმ შესაძლებლობებითა და სისტემებით, რაც მას სჭირდება. ჩვენ არ ვგრძნობთ, რომ ეს რაიმე სახის ესკალაციას იწვევს. უკრაინა აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს ბრძოლის ველზე წარმატების მისაღწევად“, – განაცხადა სინგმა.

მან ასევე თქვა, რომ უკრაინის წინსვლა კურსკის ოლქში აშშ-ის პოლიტიკას შეესაბამება, მაგრამ დასძინა, რომ აშშ კვლავაც არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე დარტყმებს.

banner
წინა სტატიაშიThe Washington Post: უკრაინა კურსკის ოლქში 100 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი შაჰინთან და ტურნერთან შეხვედრაზე: მათი ვიზიტი მორიგი დასტურია აშშ-ის მხარდაჭერისა