პენსიის 400 ლარამდე ზრდის დაპირება არის მასშტაბური ტყუილი და ჩვენს ოპონენტებს არ რცხვენიათ, როდესაც ჩვენს ბებიებს და ბაბუებს ასეთ სიცრუეს ეუბნებიან

ისეთი რაოდენობის ტყუილი, დეზინფორმაცია და ე.წ fake news, რაც საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაში დაფიქსირდა, არ ვიცი პრაქტიკაში თუ ყოფილა რომელიმე დემოკრატიული ქვეყნის საარჩევნო კამპანიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ამავდროულად, არის ლაკმუსის ქაღალდი, რადგან ტყუილების ტალღა, რაც ყოველდღიურად მოდის, ძალიან მარტივად გადამოწმებადია.

პრემიერი გამოეხმაურა ოპონენტების დაპირებას პენსიის 400 ლარამდე ზრდასთან დაკავშირებით და მზადყოფნა გამოთქვა, ოპონენტებს კალკულატორი გაუგზავნოს სწორი გათვლების გასაკეთებლად, თუ რა ოდენობის თანხაზეა საუბარი ჯამურად.

„თუ ამდენი დათვლის საშუალება არ აქვთ, შემიძლია პირადად გავუგზავნო რამდენიმე კალკულატორი საჩუქრად ჩვენს ოპონენტებს. საუბარია დამატებით 2 მილიარდ ლარზე, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენი ექიმების, ჯარისკაცების, პოლიციელების, მასწავლებლების და ყველა უწყების ერთად აღებული ხელფასი. ამ რაოდენობის და ამ მასშტაბის ტყუილს ამბობს ეს ხალხი და არ რცხვენიათ, რომ ჩვენს ბებიებს და ბაბუებს ასეთ ტიპის ტყუილს ეუბნებიან, რომ შეძლებენ პენსიის 400 ლარამდე ზრდას. ეს მათემატიკურად არის შეუძლებელი, პოლიტიკური უპასუხისმგებლობა რომ არის, ეს კიდევ ცალკე საკითხია. პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ეს გუნდი ცოტა შორს არის ერთმანეთისგან, მაგრამ ამის უფლებასაც აძლევენ თავს, რომ ჩვენს ბებიებს, ბაბუებს და ამ თაობას ასეთ ტიპის ტყუილი მიუტანონ კომუნიკაციის სხვადასხვა არხის მეშვეობით. ეს სრულიად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ამ ტყუილს აუცილებლად ადეკვატურ პასუხს გასცემს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების შეხვედრას ჰელსინკიში და აღნიშნა, რომ მათი ე.წ ხელახლა გაერთიანება კიდევ ერთი ტყუილი და თვალთმაქცობაა.

„ერთობა მათ ჰქონდათ მუდმივად, რადგან ისინი ერთიანები იყვნენ სწორედ იმ ძალადობაში, რასაც ახორციელებდნენ 2012 წლამდე. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება კარგად ხვდება, რომ ეს ერთობა ყოველთვის იყო და საქმე გვქონდა იაფფასიან მცდელობასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ნაწილს გარკვეულად დისტანცირება მოეხდინა იმ საერთო წარსულიდან, რომელიც მათ აერთიანებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაში„ჩვენი თხოვნაა, რომ ხელი შეგვიწყონ იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს ტრიუკების გარეშე – გრიგოლ ვაშაძე ჰელსინკში შეხვედრებს განაგრძობს
შემდეგი სტატიაივანიშვილის მარცხის შემდეგ, ჩვენ და „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ოპონენტები ვიქნებით