პენიტენციურს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ომბუდსმენის დასკვნაზე კითხვები აქვს

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს და ისევ ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში პროტოკოლებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს უტარებენ.

უწყება აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტის უფლებების შესაძლო დარღვევაზე აპელირება არის “მანიპულაციური მეთოდით არსებული ვითარების მკვეთრად დამახინჯების მცდელობა”. პენიტენციური “მოუწოდებს პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტისკენ”.

ამასთან, პენიტენციური წერს, რომ 28 აპრილს ომბუდსმენმა მიაწოდა დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ. სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით, დასკვნის დანართი არ არის საჯარო. უწყების ცნობით, დოკუმენტი მოიცავს მიხეილ სააკაშვილის ჩივილებს, მიღებულ მედიკამენტებს, ექსპერტების შთაბეჭდილებებსა და დამატებით რეკომენდაციებს. აღნიშნულზე პენიტენციურ სამსახურს კითხვები აქვს.

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

“სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტი მუდმივ მონიტორინგს უწევს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და, საჭიროების შემთხვევაში, ატარებს შესაბამისი პროტოკოლებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

მას შესახლების დღიდან არაერთხელ ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევა და მიეწოდა სათანადო მკურნალობა, როგორც N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე N18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება, თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდება ადეკვატური მკურნალობა, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა.

პენიტენციური სამსახური სრულად უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი მედიკამენტებით. თუმცა, იგი, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის მიუხედავად, საკუთარი გადაწყვეტილებით, არ იღებს მისთვის გათვალისწინებული პრეპარატების გარკვეულ ნაწილს.

მსჯავრდებული უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით. დამატებით, მას აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში არსებული ფართო ჩამონათვალიდან კვების ნებისმიერი პროდუქტი. გარდა ამისა, იგი რეგულარულად იღებს ამანათებსაც. შესაბამისად, მსჯავრდებულისთვის სრულად ხელმისაწვდომია საკვების მრავალფეროვანი რაციონი.

შესახლების დღიდან მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა 788 ვიზიტორი და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ პირს აქვს მისი მონახულების შესაძლებლობა. მას აქვს ყოველდღიურად სუფთა ჰაერზე ყოფნისა და გასეირნების უფლება, რასაც არ იყენებს, საკუთარი გადაწყვეტილებით. ასევე, სრულად დაცულია მისი ყველა სხვა უფლება. შესაბამისად, აპელირება მისი უფლებების შესაძლო დარღვევაზე არის მანიპულაციური მეთოდით არსებული ვითარების მკვეთრად დამახინჯების მცდელობა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მასთან იმყოფებოდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი, რომელმაც 28 აპრილს პენიტენციურ სამსახურს მიაწოდა დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ. დასკვნის დანართი, სახალხო დამცველის გადაწყვეტილებით, არ არის საჯარო. დოკუმენტი მოიცავს მსჯავრდებულის ჩივილებს, მიღებულ მედიკამენტებს, ექსპერტების შთაბეჭდილებებსა და დამატებით რეკომენდაციებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს აქვს კითხვები, რომლებიც მოკლე ვადაში მიეწოდება სახალხო დამცველს. არგუმენტირებული პასუხის მიღების, გაანალიზებისა და პოზიციების დაზუსტების შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.

პენიტენციური სამსახური მოქმედებს ნებისმიერი მსჯავრდებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საჭიროების გათვალისწინებით და მსჯავრდებულის ინტერესების შეუფერხებლად დაცვის მიზნით, მოუწოდებს პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტისკენ”, – ნათქვამია პენიტენციურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე – სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს „ალფა ჯგუფისგან“ „ბორჯომის“ აქციები და გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე
შემდეგი სტატიათიბისი კონცეპტის ღონისძიებების კალენდარი