პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ

პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს „კოვიდ-19“-ზე ტესტირება სისტემატურად უტარდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პირველიდან 5 ივლისის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოში სპეციალური პენიტენციური სამსახურის 700-ზე მეტ თანამშრომელს, დასავლეთ საქართველოში (N3, N2, და N14 პენიტენციური დაწესებულებების) 400, ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს 300 და გარე დაცვის სამსახურის 200-მდე თანამშრომელს „კოვიდ-19“-ზე ტესტირება ჩაუტარდა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია.

„კოვიდ-19“-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 30 მაისიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც ყაზარმულ რეჟიმზე მყოფი თანამშრომლების პირველმა ნაკადმა დატოვა პენიტენციური დაწესებულებები, ორკვირიანი ინტერვალით სისტემატურად ტარდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ტესტირება. კერძოდ, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმში განთავსებამდე გადიან ტესტირებას. ორ კვირაში ერთხელ უტარდება ტესტირება ვირუსზე პენიტენციური სისტემის ყველა იმ თანამშრომელს, რომლის სამუშაო ადგილი არის პენიტენციური დაწესებულება, თუმცა პატიმრებთან უშუალო შეხება არ აქვს (პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია, საზოგადოებრივი მისაღები, სასადილო და ა.შ.). ასევე ორ კვირაში ერთხელ გადიან ტესტირებას ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს და გარე დაცვის სამსახურის თანამშრომლები, ხოლო პენიტენციური სისტემის მედპერსონალი ვირუსზე ტესტებს კვირაში ერთხელ აბარებს“, – აცხადებენ უწყებაში.

7 ივლისს „კოვიდ-19“-ზე ტესტირება ჩაუტარდებათ N15 და N19 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს.

პენიტენციური სამსახურის ცნობით, ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დღეის მდგომარეობით ვირუსის არც ერთი არც საეჭვო და არც დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა, არც პატიმრებში და არც თანამშრომლებში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 პროცენტს აჩერებს
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავა