პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი – პატიმარმა სააკაშვილმა გარკვეული პერიოდია, დაიწყო საკვები დანამატების მიღება, მათ შორის თხევადი და არათხევადი სახით, რაც ითვლება კვებად

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი აცხადებს, რომ პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა გარკვეული პერიოდია, დაიწყო საკვები დანამატების მიღება, მათ შორის თხევადი და არათხევადი სახით.

როგორც ხვარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ითვლება კვებად.

„გიდასტურებთ, რომ პატიმარმა სააკაშვილმა გარკვეული პერიოდია, დაიწყო საკვები დანამატების მიღება, მათ შორის თხევადი და არათხევადი სახით, ასევე კონკრეტული დანიშნულების წვენები, ნატურალური და ეს პერიოდი მან განვლო ზუსტად ამ დანამატების მიღების ხარჯზე. ის იღებს ყველა იმ საჭირო კვებით დანამატს, რაც საჭიროა მის მდგომარეობაში მყოფი პირისთვის. აღნიშნული ითვლება კვებად, რა თქმა უნდა, რადგან არის რამდენიმე სახეობის შიმშილობის მიმართულება – აბსოლუტური, სრული, არასრული. შესაბამისად, ეს ყველაფერი არც ერთ ამ შიმშილობის სახეობაში არ არის, ის, რომ პირმა შეიძლება მიიღოს რაღაც და შიმშილობაში არ ჩაითვალოს“, – განაცხადა ცხვარაშვილმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი უწყების მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საკვების მიღებასთან დაკავშირებით კადრების შესაძლო გასაჯაროების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი მსჯელობის საგანია.

„კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ საკვებ დანამატებს აღნიშნული პირი იღებს, უკვე გარკვეული პერიოდია. რაც შეეხება კადრების გასაჯაროებას, ამაზე ცალსახად ჯერჯერობით პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან ეს დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, რაზეც ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა. ეს დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე, მსჯელობის საგანია, რადგან 24 საათის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის ვიდეომეთვალყურეობა მიმდინარეობს ისევ და ისევ მისი ჯანმრთელობიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე. რამდენად მიზანშეწონილია ეს ყველაფერი (გამოქვეყნება) მომდინარეობს მსჯელობა“, – განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჭყონდიდში სანთლის ანთების უფლებას მხოლოდ რუს ტურისტებს აძლევენ
შემდეგი სტატიაზურაბ ცხვიტარია: ეს ბრძოლა არ შეწყდება (ვიდეო)