პენიტენციური დაწესებულებების გარე ზოლში დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის მოქალაქეები დაჯარიმდებიან

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, პენიტენციური დაწესებულებების გარე ზოლში დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის მოქალაქეებს დააჯარიმებენ.

სანქციები შესაძლოა გამოიწვიოს აკრძალულ ტერიტორიაზე აალებადი ნივთების მიტანამ , კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევამ ან კიდევ არეულობისკენ მოწოდებამ.

უწყების ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრმა 2021 წლის 26 იანვარს გამოსცა ბრძანება N676, რომლითაც დამტკიცდა პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი.

ციხეებთან გარე ზოლს უსაფრთხოებას კვადროციკლებით აღჭურვილი მობილური ჯგუფები აკონტროლებენ. მათ 28 იანვრიდან დღემდე 42 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

“პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევა, კერძოდ, ამ ზოლში ყოფნა ან/და სატრანსპორტო საშუალების შეყვანა (გარდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევისა), ნივთის/ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით პენიტენციურ დაწესებულებაში შეტანა ან/და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისთვის გადაცემა, პიროტექნიკური ნაწარმის, ფეიერვერკის, მომწამლავი, ადვილად აალებადი ან/და სხვა ნივთის/ნივთიერების შეტანა ან/და გამოყენება, აგრეთვე აღნიშნული ზოლიდან ან მისი მიმდებარე ტერიტორიიდან კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისკენ/არეულობისკენ/დაუმორჩილებლობისკენ წაქეზება/მოწოდება, უკანონო ფორმით ინფორმაციის მიწოდება, თუ ეს ქმედება მიმართულია პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისადმი და არ იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით”, – წერს უწყება.

პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევა, 2017 წლის 20 ივნისიდან იწვევს პირის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებას, თუმცა ახალი ბრძანებით სრულად მოწესრიგდა და შესაბამისობაში მოვიდა კანონმდებლობით განსაზღვრული საჯარიმო ქვითრის გამოყენებასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ხასიათის საკითხები.

banner
წინა სტატიაშიხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ შარაბიძეებში ახალი ხიდი დაამონტაჟეს
შემდეგი სტატიაკახა ოქრიაშვილი: 51 დეპუტატს, ვისაც ხელი გვაქვს მოწერილი პარლამენტში არშესვლაზე არავინ შევა