ფეხბურთის ფედერაცია: საქართველო-ბელარუსის მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

region
ავტ.: region ოქტომბერი 5, 2020 17:15

ფეხბურთის ფედერაცია: საქართველო-ბელარუსის მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩი საქართველოსა და ბელარუსს შორის უმაყურებლოდ ჩატარდება. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ფორმულა განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“5 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა საქართველო – ბელარუსს შორის გასამართ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩზე გულშემატკივართა დასწრების საკითხზე იმსჯელეს. სხდომას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ესწრებოდა.

მოგეხსენებათ, რომ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით უეფას ეგიდით გასამართ სანაკრებო და საკლუბო მატჩებზე გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობით დასწრების შესახებ.

თბილისის “დინამო არენას” ტევადობიდან გამომდინარე, სტადიონზე მაყურებლის საერთო რაოდენობის 30%-იც კი, დაახლოებით 16 000 გულშემატკივარს შეადგენს.

როგორც საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, ათასობით გულშემატკივრის თავშეყრა ერთ სივრცეში, განსაკუთრებულ ეპიდემიოლოგიურ რისკებთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 8 ოქტომბერს თბილისის “დინამო არენაზე” საქართველოსა და ბელარუსის ეროვნულ ნაკრებთა მატჩი გაიმართება მაყურებლის გარეშე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრაში ბელარუსს დაუპირისპირდება. მატჩი 8 ოქტომბერს 20:00 საათზე თბილისის “დინამო არენაზე” გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის პრიორიტეტულია თითოეული გულშემატკივრის, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ქომაგებს, ამ ისტორიული შეხვედრისას სახლიდან უგულშემატკივრონ საყვარელ გუნდს.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დღეს, 5 ოქტომბერს განაცხადა, სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ საქართველო-ბელარუსის მატჩს მაყურებელი არ დაესწროს.

region
ავტ.: region ოქტომბერი 5, 2020 17:15