„ფეიკია“ მიხეილ სააკაშვილის ყველა გამოსვლა, სანამ ის არ აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. სიყალბეა ყველა ოპოზიციური გაერთიანება“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ოპოზიცია თავისი პოლიტიკით ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს.
„რამდენიმე ჩემი საყვარელი „ფეიკი“ გამორჩა სანდრო რაქვიაშვილს და ამასაც დავამატებ. ასევე, ყალბია რევოლუციისთვის მზადება მაშინ, როდესაც იცის, რომ არანაირი რევოლუცია არ მზადდება. ჩემი საყვარელი „ფეიკი“ არის გლობალური ომის პარტია. ჩემი საყვარელი „ფეიკი“ დღეს კიდევ ერთი აღმოჩნდა, თითქოს „ნაცები“ არიან ანარქისტები – ეს ძალიან სასაცილოა. შეიძლება ნაცებს ყველაფერი დავაბრალებთ, მაგრამ ანარქისტობას ვერ დავაბრალებთ. პირიქით, ანარქისტებისგან ან რადიკალურად განსხვავებული შემთხვევები არიან.
„ფეიკი“ მარტო ხელისუფლებაში არ ხდება. სიყალბე არის ოპოზიციაშიც და სწორედ ამიტომ არის „ოცნება“ სათავეში. „ფეიკია“ მიხეილ სააკაშვილის ყველა გამოსვლა, სანამ ის არ აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. სიყალბეა ყველა ოპოზიციური გაერთიანება, რომელიც სხვადასხვა მიზნებით იქმნება, ვითომ ხელისუფლების შესაცვლელად, მაგრამ სინამდვილეში როგორ შეიძლება ფეიკი არ იყოს, როდესაც თავის სივრცეში აზრს არ აჭაჭანებს და იმ ხალხს ებრძვის, რომელსაც ექსკლუზიურად აქვთ აზროვნების უნარი.
ოპოზიცია თავისი პოლიტიკით ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და ეს გრძელდება მთელი 11 წელია. 2 ვარიანტი უნდა მქონდეს – ერთი, ავირჩიო – ჩემი კოლეგები „გიჟები“ არიან ოპოზიციაში და ვერ ხვდებიან რას აკეთებენ და მეორე, ის, რომ ძალიან კარგადაც ხვდებიან, მაგრამ ეს აწყობთ რაც ხდება ამდენი ხნის განმავლობაში“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.